101 წლის შალვა კუპატაძე ფშაველიდან
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრები შალვა კუპატაძე 101 წლის გახდა.
ის 1919 წელს ფშაველში დაიბადა და დღემდე ამ სოფელში ცხოვრობს. ასაკის მიუხედავად შალვა ვენახს დღემდე უვლის და ჯანმრთელობას არ უჩივის.
შალვა კუპატაძე გვიამბობს, რომ ცხოვრების რთული გზა გაიარა. მონაწილეობდა სამამულო ომში, სადაც საყვარელი მეგობრები დაკარგა.
ომიდან რამდენიმე ათეული წლის გასვლის შემდეგაც ამბებს ემოციის გარეშე ვერ იხსენებს და ამბობს, რომ ომი სიბოროტეა და ქვეყანამ ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
ომის ვეტერანი აღნიშნავს, რომ უსაქმოდ გაჩერება არ შეუძლია. ,,ომს ტელევიზორშიც რომ ვხედავ, მძიმედ განვიცდი. რა უნდა მოხდეს ამაზე საშინელი. მან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ომი აღარ უნდა დავუშვათ. მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა, ახალგაზრდებიც შეიცვალნენ. ადრე უფრო მეტად სცემდნენ ერთმანეთს პატივს, ახლა ასე აღარ არის. 101 წლის ვარ და უსაქმოდ ვერ ვჩერდები. მაქვს ვენახი და ვაზს ვუვლი’’, – განუცხადა knews.ge-ს შალვა კუპატაძემ.
ჯანსაღი და ხანგრძლივი სიცოცხლის მიზეზად შალვა პაპა შრომას და სუფთა ჰაერს მიიჩნევს.
ავტორი: თიკო ქოქიაშვილი, ზურა არჩემაშვილი