ახალი ამბები

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუარესდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2019 წლის კვლევაში საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან.

ამ კუთხით საქართველოს შედეგი გასულ წელთან შედარებით 2 ქულით გაუარესდა. კვლევა მოიცავს 108 ქვეყნის მონაცამებს.

„სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია კერძო სუბიექტების ხელში მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება რეგიონში. საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენა საქართველოში კვლავაც ძირითადი გამოწვევაა პოლიტიკური სისტემის კეთილსინდისიერებისთვის, რომლის შედეგიც კორუფციის აღქმის ინდექსში გასულ წელთან შედარებით ორი ქულით გაუარესდა,’’- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შედეგების ანალიზში.
კვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის ინდექსში საქართველოს შედეგი მიუთითებს, რომ გადაუჭრელი რჩება ის პრობლემები, რომლებიც გასული წლის ანგარიშში იყო ხაზგასმული.

ესენია: ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში, კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ კორუფციის მხრივ საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები ანტიკორუფციული სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.