შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია ლაგოდეხში თხილის პლანტაციებს გააშენებს
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია “Camille Bloch” ლაგოდეხში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს.
პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.
კომპანიის ინფორმაციით, “Camille Bloch”-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ “Camille Bloch”-ის მიზანია თხილის კულტივაცია ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელოს, რომელიც პროდუქტიულობას, მცენარის გამძლეობასა და მოსავლიანობას გაზრდის.
ინვესტიციის ფარგლებში კომპანია გეგმავს 40-მდე ადამიანის დასაქმებას, დასაქმებულთა გადამზადებას და თხილის სხვა მწარმოებლებისთვის ნოუ ჰაუს გავრცელებას.
ცნობილი შვეიცარიული კომპანია “Camille Bloch”, რომელსაც არსებობის 90-წლიანი ისტორია აქვს, წლიურად 3 700 ტონა შოკოლადს აწარმოებს. პროდუქციის მეოთხედი ექსპორტზე გადის. კომპანიის წლიური შემოსავალი კი 45 მილიონ დოლარს აღემატება.