ახალი ამბებითვითმმართველობასტატიები

პანკისის ხეობაში ნარკომომხმარებელთა რიცხვის ზრდა შეიმჩნევა

,,პანკისის ხეობაში   ასეთი მდგომარეობა  90-იან წლებშიც კი არ ყოფილა“,-ადგილობრივები  შექმნილ პრობლემას ნარკოტიკების მოხმარების ლიბერალიზაციას  უკავშირებენ.     

      რა შედეგი მოიტანა ნარკოტიკების მოხმარების ლიბერალიზაციამ  პანკისის ხეობაში?  როგორც აქაურები ამბობენ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, როგორც მსუბუქი, ასევე, სხვა სახის ნარკოტიკების მოხმარება, სახელმწიფოს კი,  ამ პრობლემასთან გამკლავება არ შეუძლია.

როგორც სამედიცინო დარგის სპეციალისტები დღესაც აცხადებენ, ,,მარიხუანას“ უკონტროლო მოხმარება ისეთ გართულებებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა  ფსიქოზური და ქცევითი აშლილობები, მიღების დაუძლეველი ლტოლვა და სხვა.

ანტინარკოტიკული ღონისძიებების  სხვა გზავნილების მიუხედავად, როგორიცაა,  თუნდაც,   შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული  კამპანია – „არა- ბიონარკოტიკს”, რომელშიც სხვადასხვა სამინისტროებიც იყვნენ ჩართული, ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების მსურველთა რიცხვის შემცირებაზე გავლენა არ მოახდინა.

პანკისელები ამბობენ, რომ პრობლემამ ,,ელვისებურად“ სწორედ მაშინ იჩინა თავი, როდესაც სახელმწიფომ   ნარკოპოლიტიკა შეარბილა,  მოსალოდნელი შედეგი  კი, წინასწარ ვერ გათვალა.

არასამთავრობო ორგანიზაცის- ,,შერიგების ალამი“-დამფუძნებელი თემურ ცათიაშვილი ყურადღებას ხეობაში  ე.წ. ,,კანაფის“ მოხმარების ზრდის ტენდენციაზე ამახვილებს და ამბობს, რომ  ასეთი რთული მდგომარეობა 90-იან წლებშიც კი არ ყოფილა.

  ,,ეს პრობლემა, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, პანკისში  ადრეც  იყო, მაგრამ – ნაკლებად. ზრდის ტენდენცია დაიწყო  მაშინ, როდესაც  ,,კანაფის“ ლეგალიზაცია მოხდა.  მას  შემდეგ,  რაც  სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება მიიღო,  ახლაგაზრდებში წამოვიდა ისეთი ტენდენცია, რომ  თურმე ნარკოტიკი ისეთი მავნე არ არის. ამან კი, ნარკოტიკის მოხმარების დონის გაძლიერება და  ელვისებური, სწრაფი ზრდა გამოიწვია.

 მსგავსი პრობლემა  პანკისში 90-იან  წლებშიც კი არ ყოფილა, როდესაც ითვლებოდა, რომ  საქართველოში ნარკოტიკების პრობლემა იდგა. ასეთი სახით და ამ რაოდენობის ნარკოტიკები პანკისის ხეობას არ ახსოვს.  ახალგაზრდებზე ვსაუბრობ, რადგან, ძირითადად, ისინი მოიხმარენ ნარკოტიკს, რომლებიც  ჯერ ლეგალიზებულ ნარკოტიკს იღებენ, შემდეგ კი, როგორც ხდება-ხოლმე, ყველაფერი  არალეგალზიებულით მთავრდება.   

სახელმწიფო  კი, აღნიშნული პრობლემის  მიმართ  უუნაროა. როდესაც კანონი შემოვიდა, ლეგალიზაციასთთნ დაკავშირებით, თვითონაც არ იცოდნენ, ალბათ, რა შედეგი მოჰყვებოდა, მაგრამ შემდეგ არათუ ბრძოლა დაიწყო ამ პრობლემის წინააღმდეგ, სახელმწიფომ ყველაფერი ნებაზე მიუშვა. არც სკოლებში, არასად არ არსებობს  რაიმე ფორმატის  შესაბამისი აქტივობა, რომ  ვინმე იბრძოდეს მოხმარების შემცირებისათვის, ყოველი შემთხვევისთვის, პანკისში ამ კუთხით არაფერი ხდება“,- აცხადებს თემურ ცათიაშვილი.

ადგილობრივი ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ პანკისის ხეობას არ აწუხებს.  ,,ნაციონალური მოძრაობის“  ახმეტის რაიონული  ორგანიზაციის თავმჯდომარე შაქრო ტერტერაშვილი ამბობს, რომ   ნარკოტიკების მოხმარება მთელ ქვეყანაში მკვეთრადაა გაზრდილი. ამ ფონზე კი, მისივე თქმით, ხელისუფლება მხოლოდ ოპონენტების დევნითაა დაკავებული.

   ,,არა მარტო პანკისში, ზოგადად,  ქვეყანაშია ასეთი სიტუაცია.  ყველგან მკვეთრადაა გაზრდილი  ნარკოტიკების მოხმარება.  პოლიცია  კი, დაკავებულია ოპონენტების დევნით.  ეს აშკარაა და ამის შესახებ საუბრობს ყველა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციები.  ერთის მხრივ, პოლიცია ვერ იცლის ამისთვის, მეორეს მხრივ კი, ის  კრიმინალურ სამყაროსთან ერთად დგას.  ხელისუფლებას დღეს თუ ვინმე მხარდამჭერი ჰყავს, ჰყავს კრიმინალები და თავიანთ  პოლიტიკურ პრობლემებს ასე აგვარებს, ამ ხალხის მეშვეობით.  მათ არც აქვთ ნება და არც რესურსი, რომ ებრძოლონ კრიმინალებს. 

ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ადამიანები მოიხმარენ  ნარკოტიკს და ეს  შემთხვევები გაზრდილია.  ხელისუფლება  კი, არ იბრძვის იმისთვს, რომ  ნარკოტიკებმა  ახალგაზრდები  არ ,,გააფუჭოს“. ხელისუფლება  მხოლოდ  იმისთვის იბრძვის, რომ ,,ტროლებით“ და ,,ბოტებით“ მოატყუოს ხალხი.  ,,გაბრუებული“  ახალგაზრდები კი,  უფრო  ადვილი სამართავია,“-აცხადებს შაქრო ტერტერაშვილი.

ოპოზიციონერის  ბრალდებებს არ ეთანხმებიან ახმეტის მუნიციპალიტეტის  მერიაში, სადაც ამბობენ, რომ ისინი არათუ  არ დევნიან ოპონენტებს, პირიქით, ასაქმებენ და  ადგილზე მათი შევიწროვება არ ხდება.

რაც შეეხება პანკისის  ხეობაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვის ზრდას,  ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი ამბობს, რომ  ნარკოტიკების მოხმარების გახშირების შესახებ მისთვის მხოლოდ სოციალური ქსელების საშუალებით გახდა  ცნობილი და სხვა ინფორმაციას არ ფლობს:

    ,,ჩემთვის ცნობილია, სოციალურ ქსელებში გაკეთებული ინფორმაციების საფუძველზე,  მაგრამ  ვერ  დავადასტურებ  პანკისის ხეობაში ნარკოტიკების  მოხმარების  ზრდის ფაქტს, იქიდან გამომდინარე, რომ მე არ მაქვს უშუალო წვდომა ამ საქმესთან.  ჩემთან არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა,  არც ჩემი თანამშრომლების, არც რომელიმე მოქალაქის მხრიდან.  ამის შესახებ ჩივილით ჩემთან არავინ მოსულა.   რაც შეეხება ოპოზიციას, არ ვეთანხმები იმ ფაქტს, რომ ვდევნით ოპოზიციონერებს, რადგან  ჩვენთან მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, თუმცა არანაირი შევიწროება მათ არ აქვთ,“-ამბობს იოსებ ქარუმაშვილი.

რაც  შეეხება პანკისის ხეობაში  ყველაზე ხშირად მოხმარებადი ნარკოტიკების სახეობებს, ადგილობრივი აქტივისტები  ინფორმაციას  კუსტარულ პირობებში დამზადებული ე.წ. „კრაკადილის“  შესახებაც ავრცელებენ, რისი გამოყენებაც გულ-სისხლძარღვთა სისტემას დაზიანებას, კანის დაჩირქებას, წყლულებს  და სხვა კატასტროფულ შედეგებს იწვევს.

 

  ავტორი: ნატალია მეგუთნიშვილი