ახალი ამბები

ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსული ქალი შეამოწმეს და მას ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექციის კლინიკური სურათი აქვს.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. გამყრელიძე მიუთითებს, რომ ქალის საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.

“გადამოწმდა, არაფერი არ არის. ჩინეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა გოგონაა. 16 იანვარს ჩამოვიდა. სულ სხვა ქალაქიდან, რომელიც საკმაოდ არის დაშორებული ვუჰანიდან და აქვს ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექციის კლინიკური სურათი. უკვე იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები ოჯახში. ოჯახში იყო გრიპოზული ინფექცია და როგორც ჩანს იქიდან არის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ 22 წლის ქალს აქვს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია და აღენიშნები ტემპერატურა.

ცნობისთვის, ეპიდემიოლოგები და სანიტარული ექიმები, ლაგოდეხის გამშვებ პუნქტზე, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ მოქალაქეებს, კორონავირუსზე შეამოწმებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები შემოწმების პროცესს დააკვირდებიან.

„აეროპორტებსა და პორტებში შემოწმება უკვე დაწყებულია. გუშინ დაიწყო შემოწმება გამშვები პუნქტებიდანაც. სანიტარული ექიმები და ეპიდემიოლოგები, ყველა მგზავრს შეამოწმებენ, ჩვენ კი დავაკვირდებით, რამდენად კარგად მიდის ეს პროცესი“,- აღნიშნა ,,knews.ge”-სთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.

ლაგოდეხის გამშვები პუნქტი სოფელ მაწიმშია განთავსებული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს აკონტროლებს.