სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ ქალს ვირუსი დაუდგინდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ 22 წლის ქალს აქვს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია და აღენიშნები ტემპერატურა.
როგორც knews.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა, პაციენტს სიმპტომების მიხედვით კორონავირუსი არ აქვს.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, 22 წლის ქალბატონი საქართველოში 16 იანვარს ჩამოვიდა.
„პაციენტს აქვს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას დაბალი ტემპერატურა აქვს, 37.5 გრადუსი, ეს არ არის ცხელება. მას არ აქვს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ეპიდემიოლოგები იმყოფებიან ქალბატონთან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან. ის არ იყო ჩინეთი იმ პროვინციაში, სადაც ძირითადად კორონავირუსი მძვინვარებს“, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ნელი ხიზანიშვილმა.
ეპიდემიოლოგები და სანიტარული ექიმები, ლაგოდეხის გამშვებ პუნქტზე, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ მოქალაქეებს, კორონავირუსზე შეამოწმებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები შემოწმების პროცესს დააკვირდებიან.
„აეროპორტებსა და პორტებში შემოწმება უკვე დაწყებულია. გუშინ დაიწყო შემოწმება გამშვები პუნქტებიდანაც. სანიტარული ექიმები და ეპიდემიოლოგები, ყველა მგზავრს შეამოწმებენ, ჩვენ კი დავაკვირდებით, რამდენად კარგად მიდის ეს პროცესი“,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ლაგოდეხის გამშვები პუნქტი სოფელ მაწიმშია განთავსებული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს აკონტროლებს. ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორნავირუსმა ჩინეთში 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 4515 კი დაინფიცირებულია.
ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 26 პაციენტი გარდაიცვალა.
ექიმების ვარაუდით, ვირუსი კიდევ 6973 ადამიანს აქვს, 60 პაციენტი საავადამყოფოებიდან გაწერეს. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 44 132 ადამიანი რჩება, რომლებსაც დაავადებულებთან კონტაქტი ჰქონდათ.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი ჩინეთის გარდა, უკვე დაფიქსირდა ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.
ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი