თელავში რეპრესირებული ადამიანების მემორიალური მუზეუმის და სკვერის მოწყობას ითხოვენ
თელავში, გიგოს გორაზე მემორიალური სკვერისა და ქალაქის ტერიტორიაზე, ყოფილი ,,პოლიტბიუროს“ შენობაში მემორიალური მუზეუმის გახსნას ითხოვენ.
იდეის ავტორი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი თენგიზ სიმაშვილია. შესაბამისი მოთხოვნით მან თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის სახელზე განცხადებაც მოამზადა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
თენგიზ სიმაშვილის თქმით, 1920-1930-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების რეპრესიებს თელავში ბევრი პატრიოტი შეეწირა. მაშინ მოქალაქეები, რომლებსაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დამნაშავეებად და ქვეყნის მტრებად რაცხავდნენ, დასახვრეტთა სიაში შეყავდათ და თელავში, გიგოს გორაზე ხვრეტდნენ.
ისტორიკოსი საბჭოთა რეპრესიების დროს გარდაცვლილი თელაველების ისტორიას წლებია სწავლობს. პროდესორი არქივიდან იძიებს და იკვლევს სხვადასხვა დოკუმენტს.
თენგიზ სიმაშვილი მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით თელავს დიდი შესაძლებლობები აქვთ.
,,ჩემ მიერ მოძიებული ტრაგიკული ისტორიები და საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული თელაველების ცხოვრება, კიდევ ერთხელ გვეუბნება იმას, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გამოვააშკარავოთ და უფრო ფართო მასებს ვუთრათ, რა გავიარეთ, რომ შემდგომში ეს არ განმეორდეს.
ჩვენ გიგოს გორის სახით გვაქვს ადგილი, სადაც რეპრესირებულ და უდანაშაულო ადამიანებს ხვრეტდნენ. მეორე ადგილი, სადაც ხალხს ხვრეტდნენ, არის თელავში არსებული პოლიტბიუროს შენობა, სადაც ჩეკას ადგილობრივი პოლიციის განყოფილება იყო. ეს თავად ჯანდიერების სახლია, რომელიც ნაგებია იმ პერიოდის ეპოქისთვის დამახასიათებელი ბუხრებით, დიდი თაღებით და საკნებით. ეს ყველაფერი გისოსები, წარწერები და საკნები შემორჩენილია პირვანდელი სახით. ასევე ნატყვიარები, რომელიც აჩვენებს რომ აქ ხვრეტდნენ ხალხს.
ჩემს მეგობრებთან საუბრისას, წამოიჭრა საკითხი, რომ ფილმის პრემიერის გარდა, რომელიც ამ საკითხზეა მომზადებული, ამ პროცესს გაგეძელება მოყოლოდა. გიგოს გორა გარკვეულწილად უნდა იქცეს ჩვენთვის იმ ადგილად, რომელიც კომუნისტური საბჭოთა მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს.
გავამზადეთ განცხადება თელავის მერის სახელზე, სადაც საუბარი არის რომ გიგოს გორაზე აუცილებელია გაშენდეს რეპრესირებულთა პარკი. ასეთი ადგილები საქართველოში არ გვაქვს. ამავე განცხადებაში წერია, რომ კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდონ მაშინდელი ,,პოლიტბიუროს’’ შენობა, სადაც მოეწყობა რეპრესირებულთა მუზეუმი.
ათასობით დოკუმენტი მაქვს, რომელიც შეიძლება ფართო საზოგადოებამ ნახოს. ეს იქნება ადგილი, სადაც შეიძლება სხვადახვა ღონისძიება ჩატარდეს. გარდა ამისა, შეგვიძლია ეს ტურისტულ მარშრუტშიც ჩავსვათ’’, – განუცხადა knews.ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.