ახალი ამბები

თელავში ფილმის ,,გიგოს გორა-თელავის გოლგოთა” პრემიერა გაიმართა

თელავის ისტორიულ მუზეუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ,,გიგოს გორა-თელავის გოლგოთა” პრემიერა გაიმართა.

ფილმის კონსულტანტი და იდეის ავტორია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი, რეჟისორი და სცენარის ავტორი კი მიხეილ ბერინაშვილი.

თენგიზ სიმაშვილის თქმით, დოკუმენტური ფილმი 33 წუთიანია და ეხება საბჭოთა რეპრესიებს და რეპრესირებული თელაველების ისტორიას.

,,ფილმი გადაღებულია ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტური მასალების, აგრეთვე თელავის ისტორიულ მუზეუმში დაცული დოკუმენტების და ზაირა ასენიშვილის რომანის ,,ვა სოფელო- კახური ქრონიკების“ და სხვა მასალების მიხედვით.

მოძიებული გვაქვს თელავში არსებული ადგილი, გიგოს გორა, სადაც მაშინ ადამიანებს ხვრეტდნენ. იმ ადგილიდან ამოღებულია ტყვიის გულები. ფილმი აგებულია დოკუმენტურ მასალებზე, სადაც ნაკლებად გამოვიტანეთ სააშკარაოზე დოკუმენტები. თითოეული სიუჟეტის უკან, რომელიც ჩადებულია ფილმში, დგას ასეულობით საარქივო მასალა. სიუჟეტი დაყოფილია რამდენიმე ისტორიად, რომელიც გადმოსცემს რეპრესირებული და დახვრეტილი თელაველების ისტორიას.

ფილმის ერთ-ერთი სიუჟეტი შეეხება თელავში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას. ეს არის ქორწილის ისტორია, რომელიც ყველას ,,სისხლიანი ქორწილის“ სახელით დაამახსოვრდა.1924 წლის აგვისტოს ბოლოს, 9 აპრილის ქუჩის დასაწყისში, ერთ-ერთ სახლში აზნაური გამყრელიძე ცოლს ირთავდა. იმ დროს საქართველოში დაწყებული იყო შეიარაღებული აჯანყება, თუმცა თელავში ეს არ მომხდარა. მაშინდელი პოლიტბიუროს წარმომადგენლებმა, მიუხედავად ამისა, დააპატიმრეს ქორილში მყოფი ხალხი, რომელთა შორის მამაკაცების უმრავლესობა დახვრიტეს. ამ და სხვა ტრაგიკული ისტორიების შესახებ არის საუბარი ფილმში.

ჩემთვის სასიხარულო და მოულოდნელი იყო, რომ ფილმის პრემიერას ბევრი ადამიანი დაესწრო. ხალხის სიმრავლის გამო 2 სეანსად ვაჩვენეთ. გარდა ამისა, მომავალ თვეშიც დაგეგმილია ფილმის ჩვენება ფართო საზოგადოებისთვის’’,- განუცხადა knews.ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.