აბიტურიენტები ერთზე მეტ ფაკულტეტს და უნივერსიტეტს ვეღარ აირჩევენ
განათლების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ახალი მოდელით უნივერსიტეტებში მხოლოდ „მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები“ მოხვდებიან, რაც ხარისხის ზრდის გარანტი იქნება. ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება.
პარლამენტში „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ინიციირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო. დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში დღეს დარეგისტრირდა, თუმცა მისი ტექსტი ჯერჯერობით არ არის საჯარო.
დაჩქარებული წესით განსახილველი ცვლილებები დეპუტატებს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ წარუდგინა. მისი განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების მიღების წესი ფუნდამენტურად შეიცვლება – აბიტურიენტებს ერთზე მეტი სასურველი ფაკულტეტისა ან უნივერსიტეტის არჩევის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
„დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თქვენ იცით, რომ როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, ან მესამეში, ან მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი, მოგეხსენებათ, ვარდება.
ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

