ახალი ამბები

„2026 წლის რთველის დროს, შემოგვაქვს ყურძნის 3 განსხვავებული ფასი“ – სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფპორმაციით, 2026 წლის რთველის დროს, ყურძნის 3 განსხვავებული ფასი იქნება.

„მეღვინეობის დარგის სტაბილურად განვითარებისთვის, ღვინის ხარისხზე ზრუნვა ვენახიდან უნდა დავიწყოთ. ხარისხიანი ღვინის მისაღებად, საჭიროა ყურძენი მივიდეს საჭირო სიმწიფემდე და ვაზი იყოს ნაკლებად დატვირთული. გასული წლის რთველმა გვიჩვენა, რომ ზოგიერთი მევენახე არ იცავს ამ პირობებს. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო გლობალურ ბაზარზე იკლო ღვინის მოხმარებამ და ბაზარზე მაღალი კონკურენციაა, 2026 წლის რთველის დროს შემოგვაქვს ყურძნის 3 განსხვავებული ფასი“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიმდინარე წლის შეჯამებისა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, 17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძენი გათანაბრდება ჰიბრიდებთანდა ექნება დაბალი ფასი. თეთრი ყურძნის შემთხვევაში 17-21% და წითელი ყურძნის შემთხვევაში 17-23% შაქრიანობის ყურძნის ფასი იქნება 1 ლარზე ნაკლები. ყურძენი საღვინედ შეფასდება – თეთრი ყურძნის შემთხვევაში 21%-ზე და წითელი ყურძნის შემთხვევაში 23%-ზე მეტი შაქრიანობის/კონდიციურობის ყურძენი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ასევე მიმართულია ხარისხიანი ღვინის წარმოებისკენ.

საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“, რომლის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა. ახალი რეგულაცია ითვალისწინებს მომავალი წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

„ვინაიდან სახელმწიფის უწევს რთველში ჩარევა შესაბამისი ინსტრუმენტებით, მევენახემ უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფოს პირობებიც. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ბოლო ათწლეულია დარგისადმი ინტერესი დიდია, იზრდება ვენახების ფართობები და ეს ხდება სპონტანურად. ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ თიხნარში გააშენა ვენახი, რომელიც რამდენიმე წელიწადში გახმა; იყო შემთხვევა, როდესაც ვენახი გაშენდა ზღვის დონიდან ისეთ სიმაღლეზე, სადაც არ შეიძლება ვენახის გაშენება. დაწყებული ნიადაგით, ექსპოზიციით, მდებარეობით, ჯიშით, საძირით – ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი, რომელიც გამოყენებული იქნება საუკეთესო ღვინის დასამზადებლად. ეს ცვლილებები ეხება მხოლოდ კომერციულ ვენახებს და არ ეხება უკვე გაშენებულს და არც მათ, ვინც ვენახის გაშენებას გეგმავს პირადი მოხმარებისთვის. ახალი, კომერციული ვენახის გაშენების პირობა გაიწერება შესაბამის ნორმატიულ აქტში და რომლის გათვალისწინების შემთხვევაში არავის შეექმნება თანხმობის მიღების პრობლემა“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.