აკადემიური პერსონალის ძირითად ბირთვს სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორები უნდა შეადგენდნენ და რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს მათი ანაზღაურება
„თანამედროვე სტანდარტების კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალით სრულად არცერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის უზრუნველყოფილი,“ – ამის შესახებ მთავრობის მიერ დაგეგმილი უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაშია აღნიშნული.
საქართველოში მოქმედებს 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა უნივერსიტეტი გასცემს თანაბარი რანგის დიპლომს საქართველოს სახელმწიფოს სახელით, გაცემული განათლებისა და კვალიფიკაციის ხარისხი, შინაარსობრივი თვალსაზრისით, თვისებრივად არათანაბარია, რაც უმაღლესი განათლების სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად უნდა შეფასდეს. უმაღლესი განათლების სისტემაში არ არის უზრუნველყოფილი ინფრასტრუქტურული და საკადრო რესურსის ოპტიმალური გამოყენება.
კერძოდ, ერთ ქალაქში მოქმედ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში დუბლირებულია ფაკულტეტები, რაც პრაქტიკაში იწვევს არა მხოლოდ რესურსების არაოპტიმალურ და არათანაბარ განაწილებას, არამედ ქმნის პრობლემასაც, რომ თანამედროვე სტანდარტების კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალით სრულად არცერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის უზრუნველყოფილი,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, რეფორმის ეროვნული კონცეფციის თანახმად, უნივერსიტეტებში თვისებრივად უნდა გადაიხედოს საკადრო პოლიტიკა.
„აკადემიური პერსონალის ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორები, რომლებიც კონკრეტულ ფაკულტეტებზე სწავლებისა და კვლევის კონკრეტულ მიმართულებებს უხელმძღვანელებენ. თითოეულ მათგანთან უნდა მუშაობდეს ასევე სრულ განაკვეთზე დასაქმებული რამდენიმე ასოცირებული პროფესორი და ათზე მეტი ასისტენტ-პროფესორი.
რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს სრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურება. ყველა სხვა პედაგოგი უნივერსიტეტში უნდა საქმიანობდეს ხელშეკრულებით, საათობრივ საწყისებზე. უნდა განისაზღვროს დეფიციტური მიმართულებები, რომლებზეც უზრუნველყოფილი იქნება საუნივერსიტეტო სისტემაში უცხოელი ლექტორების მოზიდვა,“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

