სააგენტო – ღვინის ხარისხის უზრუნველსაყოფად ყურადღება ყურძნის კონდიციურობაზე გამახვილდება
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ღვინის ხარისხის უზრუნველსაყოფად, 2026 რთველის დროს მეტად გამახვილდება ყურადღება ყურძნის კონდიციურობაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის რთველის დროს იყო ორი განსხვავებული ფასი, მაინც რჩებიან მევენახეები, რომლებიც ცდილობენ აქცენტი რაოდენობაზე გააკეთონ და არა კონდიციურობაზე და ხარისხზე. იყო შემთხვევები, როდესაც ბარდებოდა ძალიან დაბალკონდიციური ყურძენი, მაგალითად 15-16%, რომელიც სპირტის დასამზადებლადაც მიუღებელია. ამიტომ, მომავალ წელს გაჩნდება ახალი ფასი – ყურძენი, რომელიც იქნება 17%-ზე დაბალი შაქრიანობის, ჩაბარდება გაცილებით იაფად. ყველა მევენახეს მინდა ვურჩიო და ვთხოვო, მაქსიმალური აქცენტი გააკეთონ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. საქართველოს პირობებში ადვილად მისაღწევია ყურძნის 17%-იანი შაქრიანობა“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

