დანგრეული ძველი მარანი და აღმოჩენა სოფელ ველისციხეში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, კერძო მეპატრონემ უძველესი მარანი დაანგრია. მან დემონტაჟისას 2 მეტრის სიღრმეზე 2 ტონიანი ქვევრები და სათავსო აღმოაჩინა.
გიორგი მესხმა აღნიშნული სახლი თავისი ეზოთი რამდენიმე დღის წინ შეიძინა და მისი ნაგვისგან და ძველი შენობის ფრაგმენტებიდან გასუფთავება გადაწყვიტა, რასაც ისტორიული ძეგლი შეეწირა.
მისი თქმით, ადგილზე მხოლოდ მარნის კედლის ფრაგმენტები იყო შემონახული და მან არ იცოდა მისი ისტორიული მნიშვნელობის შესახებ.
,,აქ იყო პადვალი, ნაგვით არის ახლა ამოვსებული. მიწაში ორმო ჩადიოდა. ამბობენ აქ სხვადასხვა ნივთების შესანახი ადგილი იყო კომუნისტების დროსო.
ეს სახლი ადრე გაიყიდა, შემდეგ მეპატრონეს სხვამ წაართვა ვალში ეს ბინა, ახლა კი ჩვენ ვიყიდეთ. არ ვიცოდით რა ხდებოდა და ასეთი ძველი და საინტერესო რაღაცეები თუ იყო.
რომ დავიწყე მიწის დასუფთავება, მივაგენით რაღაც ქვას წარწერებით, იმის ქვეშ კი დიდი ქვევრები იყო. გარდა ამისა, სახლში არის ძველი მარანი და ყველა ქვევრს აწერია თავისი სახელი, ეს ჯანდირების საკუთრება ყოფილა.
მოვიდნენ სხვადასხვა სამსახურებიდან, ნახეს სიტუაცია და მითხრეს იატაკი აყარეო, რადგან შეიძლება ქვემოთაც რაღაცეები იყოსო. ახლა უნდა ავყარო, რომ ვნახოთ რა არის აქ დაბლა. ამბობენ აქ დაბლა სამალავები იყოო და არ ვიცით რა არის შიგნით.
გარდა ამისა, მერიიდან იყვნენ და მითხრეს სახლის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეთ ნაგვისგან, რომ არქეოლოგიური სამუშაოები უნდა დავიწყოთო”,- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი მესხმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტუს ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის , არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული მარანი კერძო მეპატრონემ თავისი სურვილით დაანგრია და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ სოფელ ველისციხეში დღემდე შემორჩენილი მე-19 საუკუნის ისტორიული ძეგლები დაცული იყოს განადგურებისგან, მერია 130-მდე საცხოვრებელი სახლის შესახებ დოკუმენტაციას ამზადებს, რომ შენობებს მიენიჭოს ისტორიული ძეგლის სტატუსი.
,,ეს აღმოჩენა მოხდა ერთ-ერთი კერძო პირის მფლობელობაში არსებული მარნის დემონტაჟის დროს, როდესაც მიმდინარეობდა მიწის სამუშაოები, დაახლოებით 2 მეტრის სიღრმიდან ამოღებული იქნა ბაზალტის ქვა, რომელზედაც არის მხედრული წარწერები. ამ ქვაზე იყო აშენებული ეს უძველესი მარანი. ნაწილობრივ მოვახერხეთ წარწერის წაკითხვა და როგორც ირკვევა, იგი ეკუთვნის ჯანდიერების გვარის ერთ- ერთ წარმომადგენელს. ჯანდიერები სოფელ ველისციხეში დასახლდნენ მე-17 საუკუნეში და ფლობდნენ ვენახებს, მარნებს და სხვა ქონებას.
აქვე აღმოჩნდა 2 ტონიანი ღვინის ქვევრები, ქართული აგურით მოპირკეთებული. სავარაუდოდ ეს მარანი ჯანდიერების საკუთრება უნდა იყოს. აღნიშულ მარანს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული, იყო ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში და ფრაგმენტულად იყო წარმოდგენილი. ამიტომ მესაკუთრემ მოახდინა მისი დემონტაჟი.
უკვე მზადდება ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი, ამჟამად 130 საცხოვრებელი სახლი გვაქვს შერჩეული და მიმდინარეობს შესაბამისი სააღრიცხვო ბარათების შედგენა და სათანადო დოკუმენტების მომზადება. მისი მიზანის ველისციხეში არსებულ მე-19 საუკუნის სახლებს მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის კულტურული მემკვიდრეობა რომელიც სოფელ ველისციხეში დღემდეა შემორჩენილი და დავიცვათ იგი განადგურებისაგან”,– განუცხადა Knews.ge-ს თამაზ მარკოზაშვილმა.