მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა სტატუსი მიენიჭებათ
ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა სტატუსი მიენიჭებათ. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პარლამენტის წევრებს: გიორგი კახიანს, გურამ მაჭარაშვილს, ირაკლი (დაჩი) ბერაიას და შალვა კიკნაველიძის ეკუთვნით.
პროექტის ავტორების თქმით, წარმოდგენილი ცვლილებით დაზუსტდება სახელმწიფო მოსამსახურის ცნება, ამასთან, აღმოიფხვრება კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ბუნდოვანება კონკრეტული პირების სტატუსთან დაკავშირებით.
,,დღეის მდგომარეობით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა უმრავლესობა პროფესიული საჯარო მოხელის პოზიციებს იკავებს, თუმცა მათ მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობები განსხვავდება პროფესიული საჯარო მოხელის მიერ შესასრულებელი ფუნქციებისგან, რომელიც საჯარო დაწესებულების ძირითადი მიზნების შესრულებას უნდა ემსახურებოდეს.
მერის წარმომადგენელთა საქმიანობა მიზანშეწონილია დაექვემდებაროს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირთა კატეგორიას, ვინაიდან მერის, როგორც აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის და მუნიციპალიტეტის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილება ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის მუნიციპალიტეტის შემადგენელ ადმინისტრაციულ ერთეულებში და პასუხიმგებელია მერიის პოლიტიკის გატარებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე”,- აცხადებენ ინიციატივის ავტორები.
მათი განმარტებით, რიგ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება სახალხო დამცველის ოფისის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.