ახალი ამბები

სოფელ ველისციხეში 130 სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის , არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, სოფელ ველისციხეში 130 სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ სოფელ ველისციხეში დღემდე შემორჩენილი მე-19 საუკუნის ისტორიული ძეგლები დაცული იყოს განადგურებისგან, მერია საცხოვრებელი სახლების შესახებ დოკუმენტაციას ამზადებს, რომ შენობებს მიენიჭოს ისტორიული ძეგლის სტატუსი.

,,უკვე მზადდება ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი, ამჟამად 130 საცხოვრებელი სახლი გვაქვს შერჩეული და მიმდინარეობს შესაბამისი სააღრიცხვო ბარათების შედგენა და სათანადო დოკუმენტების მომზადება. მისი მიზანია ველისციხეში არსებულ მე-19 საუკუნის სახლებს მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის კულტურული მემკვიდრეობა რომელიც სოფელ ველისციხეში დღემდეა შემორჩენილი და დავიცვათ იგი განადგურებისაგან”,– განუცხადა Knews.ge-ს თამაზ მარკოზაშვილმა.