შუალედური არჩევნებისთვის სოფელ აფენში სამი კანდიდატი დარეგისტრირდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, 27 ოქტომბრს გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამმა პარტიამ წარადგინა.
მალხაზ მელაშვილი „ევროპული საქართველოდან” იყრის კენჭს, დავით ბეგლარაშვილი პარტიამ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” წარადგინა, ხოლო ომარ შველიძე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან” იბრძოლებს საკრებულოს მანდატის მოსაპოვებლად.
პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა 27 სექტემბერს, 18 საათზე ამოიწურა.
სოფელ აფენის მაჟორიტარ დეპუტატ გია კობახიძეს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა, რის გამოც შუალედური არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.
შუალედური არჩევნები ლაგოდეხის გარდა, მარტვილსა და ადიგენშიც ჩატარდება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი