ახალი ამბებივიდეორეპორტაჟისტატიები

“ფიფლ ინ ნიდ”-მა DCFTA-ს საინფორმაციო რესურს-მაგიდების 2 წლიანი პროექტის შედეგები წარადგინა

“ფიფლ ინ ნიდ”-მა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ 2 წლიანი მუშაობის შედეგები წარადგინა. ღონისძიების ფარგლებში, პროექტში ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა გამოფენა, სადაც დამსწრე საზოგადოებას შეეძლო მიეღო ინფორმაცია მიღწეული შედეგების შესახებ პროექტში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

ღონისძიებას რომელიც საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ მიკისკამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გახსნეს, პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და დონორები ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის მენეჯერმა, ნანა ფერაძემ საინფორმაციო რესურს-მაგიდების მუშაობაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი მიმართული იყო რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებისა და მათი მეშვეობით აგრარულ რეგიონებში თავისუფალი ვაჭრობის სივრცის დანერგვის მხარდაჭერაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.

,,პროექტი მიმდინარეობდა 7 რეგიონში, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 23 სამიზნე ორგანიზაცია. შეიქმნა ასევე 23 DCFTA -ს საინფორმაციო რესურს მაგიდა, რომლებიც აღჭურვილი არიან საჭირო ტექნიკით, ინვენტარით და ლიტერატურით. პროექტმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მისცა შესაძლებლობა გაეცათ ბიზნეს რჩევები 1000-მდე ფერმერისათვის. გარდა ამისა, დესკების ოფიცრებმა 2 წლიანი გადამზადება გაიარეს და ისინი პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებენ ფერმერებისთვის ინფორმაციის მიწოდებას DCFTA -სთან დაკავშირებულ საკითხებზე’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნანა ფერაძემ.

ღონისძიებაზე პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება People in Need-ის საქართველოს მისიის დირექტორმა დიონ ბატერსბიმ. მისი თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, ორგანიზაციების მუშაობამ დადებითი შედეგი გამოიღო.

,,მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სასიხარულოა იმის ნახვა, რომ პროექტმა უპასუხა ათასობით ფერმერის კითხვას DCFTA -სა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც მოაქვს ევროპულ თანამშრომლობას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ერთია გქონდეს ინფორმაცია, მაგრამ ამას თან უნდა მოყვეს უნარების განვითარება, შესაძლებლობების გაძლიერება და ფინანსების ხელმისაწვდომობა’’,– განაცხადა დიონ ბატერსბიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განმარტებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) შეთანხმება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მისი თქმით, ამ მიმართულებით მოქალაქეების სწორი ინფორმირება აუცილებელია.

,,პროექტის განხორციელებაში რეგიონებში მოღვაწე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წყალობით, მცირე საწარმოებმა და ფერმერებმა შეძლეს მიეღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით საჭიროებს მათი ბიზნესები გაუმჯობესებას. ეს ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მათ გაიგეს როგორ უნდა ისარგებლონ სრულად ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებით’’,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა განმარტავს, რომ ბოლო წლებში ეკონომიკის მხრივ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. მისი თქმით, ზრდის ტენდენცია DCFTA-ს დახმარებით მომავალშიც გაგრძელდება.

,,ჩეხეთის განვითარების სააგენტომ 2008 წლიდან დაიწყო საქართველოს მხარდაჭერა. ეს მაშინ, როცა საქართველოში იყო ომის შემდგომი პერიოდი და ქვყანას დახმარება სჭირდებოდა.ჩვენ გვაქვს ტექნიკური დახმარების პროგრამები რომლებიც ითვალისწინებს მთავრობის ზედა სტრუქტურების დახმარებას გარემოსა და სურსათის უვნებლობის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი აქტების დანერგვაში ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად. გარდა ამისა, ვახორციელებთ პროგრამებს, რომლებიც სათემო დონეზე მოსახლეობის ინფორმირებას და მხარდაჭერას გულისხმობს’’.

დასკვნით ღონისძიებაზე, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მედია ცენტრი კახეთის“ წარმომადგენელმა და თელავის რესურს-მაგიდის ოფიცერმა ნატალია ცისკარაშვილმა მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

მისი თქმით, რეგიონებში DCFTA-სთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ პროდუქტების სტანდარტების დაცვით მოყვანა შეძლონ.

,,რესურს -მაგიდის გახსნის შემდეგ ვფიქრობდით როგორ მოგვეზიდა აუდიტორია და როგორ გაგვევრცელებინა ინფორმაცია, რომ ადამიანებამდე მისულიყო. თავიდანვე დაინტერესება დიდი იყო. მოსახლეობა რეკავდა, მოდიოდნენ ჩვენთან და იღებდნენ მათთვის სასურველ ინფორმაციას. ასე მოვაგროვეთ ჩვენი 650 ბენეფიციარი, რომლითაც ძალიან ვამაყობთ’’,- განაცხადა ნატალია ცისკარაშვილმა.

 

ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი