საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ახალი პერსპექტივა აქვს
ბრიუსელში მყოფმა პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველომ შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა მოიპოვოს და ევროკავშირის წევრის ერთგვარი შუალედური სტატუსიც მიიღოს.
„ ამაზე მსჯელობა დაიწყეს ევროპარლამენტარებმა, რომ როგორც ნატოს წევრობისთვის არსებობს საგზაო რუკა (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა MAP), ისეთივე შეიქმნას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და თუკი ასეთი რამ მოხდება, საქართველოს ექნება ამ რუკის მოპოვების შესაძლებლობა, თუკი, ცხადია, ჩვენ ვიმოქმედებთ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად და გავაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ევროპარლამენტში გვითხრეს, რომ ეს ინიციატივა ეფუძნება დამოუკიდებელ კვლევას, რომელიც ერთმანეთს ადარებს საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც უკვე წევრობის კანდიდატები არიან. ეს კვლევა ევროპარლამენტარების ინიციატივით ჩატარდა. მე ამ ინიციატივას ვუყურებ როგორც საქართველოს სერიოზულ შანსს, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ “ – აღნიშნავს ბადრი ჯაფარიძე.
მისი თქმით, ბრიუსელში დიდია დაინტერესება 19 აპრილს (ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის) ხელმოწერილი შეთანხმების წარმატებით განხორციელების მიმართ და ევროპელი პარტნიორები მზად არიან სრულად გააკონტროლონ პროცესი, რომელიც, მათი შეფასებით, მნიშვნელოვნად განაპირობებს საქართველოს ევროპულ მომავალს.
„ამ შეთანხმების წარმატებით განხორციელება უკვე კარგი ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ ჩვენ დავანახოთ ევროკავშირს, ევროპარლამენტს, რომ საქართველო მართლაც იმსახურებს ამ ტიპის საგზაო რუკას… შემდეგ ჩვენ უნდა ჩავატაროთ მაღალი ხარისხის ადგილობრივი არჩევნები.
ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს, რომ (როგორც ეს შეთანხმებაშია) „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს 43% და ამის საფუძველზე, უკვე 2022 წელს, ასევე ევროპული სტანდარტით უნდა ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები და ვფიქრობ, სწორედ ასეთ პარლამენტს ექნება სრული უფლებამოსილება მიმართოს ევროკავშირს გაწევრიანების ამბიციით“ – განმარტავს „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.