,,კახეთში ტყეები იჩეხება, მის ადგილას კი ნაგავსაყრელებია“
CENN-ის კახეთის რეგიონული კოორდინატორი, გარემოს დაცვის საკითხებში ექსპერტი კახა სუხიტაშვილი კახეთის ტყეებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, რეგიონში წითელ წიგნში შეტანილი ხეები იჭრება, რომელმაც მასშტაბური ხასიათი მიიღო. სუხიტაშვილი ტყეების კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს.
CENN-ის კახეთის რეგიონული კოორდინატორი აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის ჭალის ტყეში, სადაც ხეების 60% უკვე გაჩეხილია.
,,რეალობა მძიმე გვაქვს და კახეთში დიდი მასშტაბები აქვს მიღებული უკანონო ჭრებს. ზოგან კი სადაც ადამიანებისთვის ადვილად მისადგომია, გაჩეხილი ტყეები იღებენ სრულიად გაუგონარ ნაგავსაყრელების ფუნქციას. მაგალითად: თელავიდან რამდენიმე კილომეტრში არის კონდოლის ტყე, სადაც ხეების 60% პროცენტი არის უკვე გაჩეხილი. აღნიშნულ ადგილას ამოსულია ეკალ-ბარდი და უფუნქციოდ არის დარჩენილი’’,- განუცხადა Knews.ge-ს კახა სუხიტაშვილმა.
კახა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ უკანონო ჭრებს ჭალის ტყეში არსებული 60-დან 300 წლამდე ასაკის საღი ენდემური სახეობის ხეები და წითელ წიგნში შესული ჭალის მუხა შეეწირა. მისი თქმით, მოსახლეობაში დაუსჯელობის სინდრომია, რაც კანონის აღსრულებაში არსებული პრობლემით არის გამოწვეული.
„პრობლემა არის ის, რომ შესაბამის ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ბიომრავალფეროვნების დაცვაზე და გამოვლენილი კანონდარღვევების აღკვეთაზე, სავარაუდოდ, არა აქვთ რესურსი, რომ მოახდინონ სრული რეაგირება. ამ მიმართულებით დაუსჯელობის სინდრომიც არის. ხეები მოჭრილი და გატანილია ცენტრალური გზიდან 100 მეტრში. შესაბამისი ორგანოები ან ვერ ხედავენ, ან ცალკეული პირები თვალს ხუჭავენ.
აუცილებელია, რომ გარემოს მდგომარეობაზე პასუხისმგებელმა კომპანიებმა გაამკაცრონ მეთვალყურეობა, მოხდეს სწრაფი რეაგირება და ასევე პრევენციაც. მარტო მეთვალყურეობა არ არის საკმარისი რადგან ხეები რომ იჭრება შემდეგ გამწვანება არ ხდება. გარდა ამისა, მეტყევეები არიან ცოტა, ფერხდება კონტროლი მაგრამ, ხშირად ისეთ ადგილებზე იჭრება ხეები, რომ არ არის აუცილებელი მეტყევემ დაინახოს. არიან სხვა უწყებები და მათ შეუძლიათ მოახდინონ რეაგირება აღნიშნულ საკითხზე. ამის დანახვას და გაგებას არაფერი არ უნდა, რადგან ეს ფაქტები გზასთან ახლოს ხდება.’’
გარემოს დაცვის ექსპერტი განმარტავს, რომ მსგავსი პრობლემა კახეთის ყველა ტყეშია. კახა სუხიტაშვილის თქმით, ზემო ხოდაშნის ხევის თავში ხეები ისეთ ადგილას იჭრება, რომელიც ღვარცოფის მოვარდნის საფრთხეს ქმნის.
,,ყველა ტყეებში ეს პრობლემაა. მაგალითად, ზემო ხოდაშენის ხევი არის ღვარცოფული და პირდაპირ მის სათავეზე არის ტყეკაფვები გამოყოფილი. მიდიან ვიღაცეები, გამოყოფენ ტყეკაფს და შემდეგ არ ფიქრობენ რა შეიძლება მოყვეს ამას. სწორედ ამიტომ ალავერდი რამდენჯერმე დატბორვის სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა.
მესმის რომ ყველას უნდა შეშა, მაგრამ არ შეიძლება ამას გადავაყოლოთ ქვეყანა და მომავალი. აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება და მუშაობა სკოლებსა და ბაღებში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ტყის გაჩეხვა უკანონოდ არ შეიძლება და მითუმეტეს არ შეიძლება მის ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობა’’,- განუცხადა knews.ge_ს კახა სუხიტაშვილმა.
ჭალის ტყეში ენდემური სახეობის ხეების გაჩეხის ფაქტთან დაკავშირებით კახეთის სატყეო სამსახურში აცხადებენ, რომ ხეების ჭრა ძირითადად ღამის საათებში ხდება და მისი გაკონტროლება რთულია. მეტყევე იოსებ ტურაშვილის თქმით, ხეების უკანონო ჭრებზე კანონდამრღვევებს სანქციებსაც აკისრებენ, თუმცა ეს ვერ უზრუნველყოფს ტყის სრულად დაცვას.
„მოსახლეობას არ აქვს იმდენი ინფორმაცია, რომ არ მოჭრას ჯანსაღი ხე და მაღ შორის ჭალის მუხა, რომლის გაზრდას 200 წელზე მეტი სჭირდება. ჭალის ტყეში მომხდარ ფაქტზე რეაგირება გვქონდა. ოქმი დაწერილია, აღრიცხვის მასალებიც გვაქვს შედგენილი, რომელიც გადაიგზავნება პოლიციაში ან პროკურატურაში და დაიწყებენ ამ საკითხის მოკვლევას“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მალე ტყის ახალი კოდექსი ამოქმედდება, რომლის თანახმადაც ეტაპობრივად შეიცვლება ტყეებისადმი არამდგრადი მართვის ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა და შეიქმნება სატყეო მეურნეობები. შეიცვლება ტყის მართვის ორგანოებიც და ნაცვლად სსიპ-ის სამართლებრივი ფორმისა, ფუძნდება სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირი/პირები.
„სატყეო მეურნეობის შექმნა ხელს შეუწყობს ტყეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებას, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას, ტყეების აღდგენას, გაჩნდება ლეგალური წვდომა სამასალე და საშეშე მერქანზე, რაც გაზრდის რეგიონებში დასაქმებას; ხელს შეუწყობს ბიომასის წარმოებას, რაც, თავის მხრივ, ენერგოეფექტურობას წაახალისებს“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
ექსპერტების და ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, კონდოლოს ჭალის ტყის გარდა, ხეები უკანონოდ კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იჩეხება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 193 ფაქტი გამოვლინდა.