ახალი ამბები

დავით კირკიტაძის ადვოკატი მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის აცილებას ითხოვს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად ბრალდებულიც ესწრება.

კირკიტაძის უფლებადამცველმა, გიორგი კონდახიშვილმა პროცესის დაწყებისას მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა.

კონდახიშვილის განმარტებით, მოსამართლე პროცესების მიმდინარეობის დროს მხარეებთან შედის პოლემიკაში, რისი უფლებაც არ აქვს.

პროკურორები კი მიიჩნევენ, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და ადვოკატები ცდილობენ დროის გაჭიანურებას.
წინა პროცესზე დაცვის მხარემ კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და მისი გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა, თუმცა მოსამარტლე ნუნუ ნემსიწვერიძემ შუამდგომლობა არ განიხილა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გამო დავით კირკიტაძემ, ასევე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, რის გამოც პროცესი გადაიდო. კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა 19 მარტსაც გადაიდო. ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც სასამართლოში გამოცხადება ვერ შეძლო.

დავით კირკიტაძე სოფელ ველისციხესთან მოსამართლის განჩინებით გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. კირკიტაძეს გამოძიება ინციდენტის დროს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი