გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სხდომა 11:00 საათზე დაიწყო, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”ლიდერებიც ესწრებიან.
გასული სასამართლო პროცესი დავით კირკიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. როგორც მისი ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებდა, კირკიტაძე თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც სასამართლოში გამოცხადება ვერ შეძლო.
დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.