ახალი ამბები

ოპოზიციამ თელავში საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელშიც 24 პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული, თელავში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აქტიურ მოქალაქეებთან და პარტიის მხარდამჭერებთან გამართეს.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ აუცილებელია მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, პარტიები გაერთიანდენენ საერთო იდეით, რათა საარჩევნო სისტემა რაც შეიძლება უფრო დემოკრატიული გახდეს.

,,თელავში შევხვდით სოციალურად და პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს და ვისაუბრეთ იმაზე, როგორ გავშალოთ ხელმოწერების კამპანია იმისათვის, რომ საარჩევნო სისტემა უმოკლეს ვადებში შეიცვალოს. ყველაზე სასიამოვნოა ის, რომ მოქალაქეებს ეს საკითხი ესმით ყოველგვარი აგიტაციის და პროპაგანდის გარეშე.

ხალხის ყოფა ნელ-ნელა უარესდება და ეს აუცილებლად შესაცვლელია. ჩვენ ისევ დავბრუნდებით თელავში რამდენიმე დღეში და 24 პარტიის გაერთიანებით და ერთობლივი მუშაობით გავაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას.

კახეთის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ის არის საქართველოს ხერხემალი და ამ რეგიონს განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება‘’,- განუცხადა knews.ge-ს გრიგოლ ვაშაძემ.

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა როგორც ოპოზიციისთვის ასევე მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ქვეყნის წინსვლას და კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებას.

,,ყველამ კარგად იცის, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის სვლა კოალიციური მმართველობისკენ, დემოკრატიისკენ, პოლიტიკური პლურალიზმისკენ, სიმშვიდისკენ და ევროპისკენ. არსებული შერეული სისტემა და მისი მაჟორიტარული ნაწილი განაპირობებს იმას, რომ ერთი იგებს და მიაქვს ყველაფერი და დამარცხებულს არაფერი რჩება.

ეს არის ძალიან კონფრონტაციული სცენარი. შესაბამისად გაცილებით უკეთესია არა მარტო პოზიციისთვის, არამედ ხელისუფლებისთვისაც, რომ პროპორციული სისტემით წაგების შემთხვევაში ისინიც რჩებიან პოლიტიკაში. გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ კარგია თუ პროპორციული სისტემა იქნება, არ იქნება და მოვუგებთ არსებული სისტემითაც’’, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

 

ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი