ახალი ამბებისტატიები

წყალმომარაგებისა და დაზიანებული გზების პრობლემები სიღნაღის მუნიციპალიტეტში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ნუკრიანის, ვაქირის, მაშნაარის, ანაგის, საქობოსა და ბოდბის მოსახლეობა გზების და წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარებას ადგილობრივ თვითმმართველობას უშედეგოდ თხოვენ.

სოფელ ანაგის მცხოვრები, ნინო გოგოლაშვილი აცხადებს, რომ დაზიანებული გზების გამო პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში და წვიმიანი ამინდების დროს მწვავდება.

გოგოლაშვილი განმარტავს, რომ ანაგის გარდა, მუნიციპალიტეტის სოფლების შიდა გზებზე გადაადგილება არათუ ფეხით, არამედ მანქანითაც შეუძლებელია. გოგოლაშვილი ასევე მიუთითებს, რომ სოფლების უმრავლესობას დაბინძურებული წყალი მიეწოდება.

 

,,საერთოდ არ მიეწოდება სოფლებს სასმელი წყალი, რაც მოდის ცოტა ისიც დაბინძურებული. ყველა სოფელში თითქმის ერთი და იგივე პრობლემა დგას, სასმელი წყლის, გზის და ნაგვის ურნების არ არსებობის.

ამ სოფლებში მოუგვარებელი პრობლემების გამო ტოვებს მოსახლეობა საცხოვრებელს, საჯარო სკოლებში და საბავშვო ბაღებში მცირე კონტიგენტიანი სკოლებიღა შემორჩა.

ისეა დაზიანებული გზები, წვიმის დროს სახლამდე ვერ მივდივართ. უკვე წლებია, რაც უშედეგოდ ვითხოვთ გზების, წყლის სისტემის და სანიაღვრეების გაკეთებას. ყოველ წელს გზების დროებითი მოხრეშვა ბევრად მეტი ჯდება, ვიდრე კარგად გაკეთებული სანიაღვრეები. თვეები გადის, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ აღწევს დანიშნულების ადგილამდე, ყურადღების მომქცევი არავინაა’’, – განუცხადა „კახეთის ხმას“ ნინო გოგოლაშვილმა.

 

გზასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ სოფელ ნუკრიანშიც. მაია ბიძინაშვილი აღნიშნავს, რომ სიღნაღი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი, გზის ის მონაკვეთი, რომელიც სოფელ ნუკრიანში მდებარეობს, ჩამოშლილი და დაზიანებულია.

ნუკრიანის სახელოსნოების ხელმძღვანელი გზის ამ მონაკვეთზე გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზეც ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ აუცილებელია მისი დროულად რეაბილიტაცია.

,,ნუკრიანში, სიღნაღი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი ჩამოშლილია და დაზიანებული. ბზარები აქვს ასფალტს. ამ გზაზე დღეში უამრავი მანქანა დადის. ამ გზაზე დავდივართ ჩვენც, ფეხით მოსიარულეები. უკვე თვეზე მეტია, მოირღვა გზის გვერდით ნაწილი, ასფალტის ხაზებს ეტყობა, რომ ისიც მორღვეულია.

ამ გზაზე ხშირია საავარიო სიტუაციაც. ღმერთმა ნუ ქნას, ხევში ვინმე გადავარდეს. ამის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია მისი გამაგრება და რეაბილიტაცია. ადრე მანდ იყო ნაგავსაყრელი, რომელიც დაიხურა, მიწა ჩაიყარა 2-3 წლის წინ და სწორედ ეს ადგილია ჩამოშლილი. გზა ვიწროა, არაა სანიაღვრე ნაგებობები.

თუ სანიაღვრეები არ მოეწყობა, გზა ხშირად ჩავარდება. წვიმის დროს წყალი პირდაპირ ცენტრალურ გზაზე მოდის’’,- აღნიშნა „კახეთის ხმასთან“ საუბრისას მაია ბიძინაშვილმა.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტში საკითხის კომენტირებისაგან თავს იკავებენ, თუმცა პირად საუბარში აცხადებენ, რომ სიღნაღი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის ამ მომანკვეთზე აპრილში დაგეგმილია დამცავი საყრდენი კედლის მოწყობა.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც საკითხს ადგილზე შეისწავლიან.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი კი მიუთითებს, რომ სოფლებში დაზიანებული გზების და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარებაზე მერია აქტიურად მუშაობს.

,,გასულ წელს მოიხრეშა წნორის, სოფელ საქობოს, მაშნაარის, ვაქირის, ანაგის, ნუკრიანის, ტიბაანის და მაღაროს გზები. ამ სოფლებში შიდა გზები იყო სავალალო მდგომარეობაში.

სამწუხაროდ სოფლების შიდა გზების მთლიან მოასფალტებას ვერ ვახერხებთ, მაგრამ ეტაპობრივად ვცდილობთ, რომ ყველა გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდეს. რაც შეეხება წყალს, ამ სოფლებაში წყალი საუბნო ონკანებით მიეწოდებათ და ძირითადი პრობლემა მოსახლეობას ერთმანეთში განაწილების კუთხით აქვს.

ზოგიერთი სარწყავად იყენებს, ზოგიერთს კი არ მისდის სასმელი წყალი. ზოგიერთ სოფელში წყლის სისტემის მილები იყო ამოსაცვლელი და ჩვენი კომუნალური სამსახური დაზიანებულს მილებს ცვლის, რათა გაუმჯობესდეს წყალმომარაგება. გასულ წელს 6 ახალი ჭაბურღილი მოეწყო სოფლებში: ანაგაში, ვაქირში, ბოდბისხევსა და ბოდბეში.

წელსაც დაგეგმილი გვაქვს 3 ახალი ჭაბურღილის მოწყობა. ძირითადად კი წყლის მიწოდების პრობლემა უკვასირდება იმას, რომ ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან. ხშირ შემთხვევაში მოსახლეობას უჭირს ჭაბურღილზე დახარჯული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ხშირ შემთხვევაში, რის გამოც ელექტროენერგია აღარ მიეწოდებათ’’,- განუცხადა „კახეთის ხმას“ მადონა ბატიაშვილმა.