პირველი რთველი სუბსიდიის გარეშე
წელს პირველად რთველი სუბსიდიის გარეშე დაიწყო. მევენახეები მთავრობის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ.
მათი თქმით, სუბსიდიის გაუქმების გამო წინა წელთან შედარებით ბოლო დღეები განმავლობაში ყურძნის მისაღები ფასი შემცირდა, რომელმაც მევენახეების დიდი ნაწილი დააზარალა. მთავრობა კი ამ დარგში ფულის დახარჯვას აღარ აპირებს, რადგან ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
სახელმწიფომ ყურძნის სუბსიდირება 2008 წლიდან დაიწყო. მთავრობაში განმარტავენ, რომ სუბსიდირების გადაწყვეტილება მაშინ რუსეთის ემბარგოს ნეგატიური შედეგების გასანეიტრალებლად და მევენეხეობა-მეღვინეობის დარგის წახალისების მიზნით მიიღეს. მთავრობის მაშინდელმა ინიციატივამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ექსპერტების ნაწილი თვლიდა, რომ სუბსიდირება დარგის განვითარებას შეაფერხებდა და მევენახეს გააზარმაცებდა. წელს კი სახელმწიფომ შეწყვიტა ყურძნის სუბსიდირება. მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ კი პრობლემები მაინც გამოიწვია.
მევენახეები აცხადებენ, რომ სუბსიდიის არარსებობის გამო ყურძენზე ფასი თითქმის განახევრდა და ვენახის მოვლისას დახარჯული თანხის ანაზღაურებასაც ვერ ახერხებენ. ყურძნის დაბალი ფასი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მცხოვრებმა მევენახეებმა გააპროტესტეს და მთავრობას დახმარება სთხოვეს.
,,საფერავზე კი იხდიან ნორმალურ ფასს, მაგრამ ისიც დაბალია. რქაწითელზე კი მიზერულ 60- 70 თეთრს გვიხდიან. იმასაც ვერ ავანაზღაურებთ, რაც ვენახის მოვლაში, დავხარჯეთ. სახელმწიფო კი ამბობს სუბსიდირება არ არის საჭიროო, მაგრამ ჩამოვიდნენ და მოგვისნიონ მევენახეებს. ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდით. ამ ზამთარს ბევრი ოჯახი იქნება შიმშილის ზღვარზე კახეთში. გასულ წელს დაზიანებულ ყურძენს 1 ლარად იბარებდნენ, რომ მოსახლეობა გადავარჩინოთო და ვერ გაგვიგია, წელს რა ხდება’’,- განუცხადა Knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის მკვიდრმა გოჩა ვარდიაშვილმა.
მევენახეების ამბობენ, რომ ღვინის კომპანიები დღეში რამდენჯერმე თვითნებურად ცვლიან ყუძნის ფასს. მათი ინფორმაციით, 1 კილოგრამ რქაწითელს 70 თეთრად ან უფრო ნაკლებად იბარებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ შარშანდელთან შედარებით, საფერავის ჯიშის ყურძნის ღირებულებამ მკვეთრად დაიკლო. ბოლო მონაცემებით, ქარხნები 1 კილოგრამ საფერავს 1 ლარად და 80 თეთრად იბარებენ.
,,კომპანიები, რომლებიც ყურძენს იბარებენ, ფასს დღის განმავლობაში რამდენჯერმე ცვლიან. ამდენი თანხა დავხარჯეთ მოსავლის მოყვანაში და ახლა კომპანიებზე ვართ დამოკიდებულები, რამდენს გადაწყვეტენ რომ გადაგვიხადონ. მომავალი წლისთვის აღარ ვაპირებთ მოვიყვანოთ ყურძენი, ან თუ მოვიყვანთ, მხოლოდ სახლში დასაწურად, რადგან ფასი არ აქვს და ჩვენი შრომაც ამაოა’’,- განუცხადეს Knews.ge-ს კახელმა მევენახეებმა.
სიღნაღში მცხოვრები ნინო გოგოლაშვილი სუბსიდიის გაუქმებით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფოს ფასის დარეგულირებისკენ მოუწოდებს. გოგოლაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომლის დროსაც ბაზარზე კომპანიების თვითნებური მონოპოლია გამოირიცხება.
,,არარეგულირებადი ბაზრის პირობებში სახელმწიფომ უნდა არეგულიოს პროდუქციის გარანტირებული ფასი, რათა მინიმუმადე იყოს დაყვანილი კარტელური გარიგებები. უნდა შეიქმნას მარეგულირებელი კომისია სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დარგობრივი პროფკავშირების, მევენახეების, ღვინის ქარხნებისა და ღვინის ექსპორტიორების მონაწილეობით. ყურძნის ფასი უნდა განისაზღვროს სამეურნეო წლის დასაწყისამდე, ფასი დადგენილი უნდა იყოს მევენახეების მიერ გაწეული დანახარჯების: მოსავლის მოვლა-მოყვანას დამატებული 30%-იანი მოგებით. ასეთ შემთხვევაში, როცა გლეხს ეცოდინება გარანტირებული მინიმალური ფასი, საშუალება მიეცემა, მომავალი წლის პროდუქციის მოსაყვანად დაგეგმოს სამუშაოები დანახარჯებს შესაბამისად, რაც აღმოფხვრის დაუსრულებელ უკმაყოფილებას მევენაახეებში’’, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ნინო გოგოლაშვილი.
რთველის საკოორდინაციო შტაბში კი აცხადებენ, რომ ფასებს კერძო კომპანიები აწესებენ და პროდუქციის ღირებულების დადგენაში სახელმწიფოს ჩარევის უფლება არ აქვს.
,,სახელმწიფო ვერ და არ ჩაერევა ფასების დადგენაში, ეს იყო კერძო სექტორის მოთხოვნა და აბსოლუტურად ლეგიტიმური, ვინაიდან სახელმწიფო გამოვიდა სუბსიდიიდან და შევთანხმდით, რომ ფასებს მთლიანად დაარეგუილირებს ბაზარი’’,- ამბობს შტაბის ხელმძღვანელი ანდრო ასლანიშვილი.
სპეციალისტები კი მევენახეობის დარგში არსებულ პრობლემებზე მიუთითებენ.
ფერმერთა პროფკავშირის ექსპერტის, თამაზ ბურდულაძის თქმით, ხარისხიანი ყურძნის მოყვანა მევენახეს ძვირი უჯდება. მისივე განმარტებით, სუბსიდიით თუ სუბსიდიის გარეშე მისი გასაყიდი ფასი მაღალი უნდა იყოს, რათა მევენახემ მთელი წლის განმავლობაში გაწეული დანახარჯი აინაზღაუროს.
,,ყურძენი არის საექსპორტო პროდუქცია, ამიტომ საჭიროა ხარისხიანი ღვინის წარმოება და ხარისხიანი ყურძნის მოყვანა. ამისთვის კი მევენახეს სჭირდება დიდი დანახარჯები. ყურძნის ფასი უნდა იყოს შესაბამისი, რომ გლეხმა შეძლოს დახარჯული თანხის ანაზღაურება და წარმოების გაფართოება.’’
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი Knews.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ დივერსიფიცირებული ბაზრები, ღვინის გაზრდილი ექსპორტი და არსებული საწარმოების რაოდენობა რთველის წარმატებით და ორგანიზებულად ჩატარებას უწყობს ხელს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, წელს პირველად რთველი სუბსიდირების გარეშე მიმდინარეობს, რადგან ამისი საჭიროება აღარ არსებობს.
„მთავრობა ასრულებს დანაპირებს და უარს ამბობს სუბსიდიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯებზე მეღვინეობის დარგში, რომელიც ბოლო წლებში განხორციელებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში გახდა ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული დარგი. ამაზე მიუთითებს გაზრდილი ექსპორტი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების მზარდი სტატისტიკა, ასევე ქართული ღვინის წარმატებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებსა და კონკურსებში. ვფიქრობთ, ჯანსაღია მოთხოვნა ყურძენზე და მევენახეებისთვისაც ფასები მისაღებია. ბოლო 10 წლის მანძილზე ეს იქნება პირველი არასუბსიდირებული რთველი, რომელიც ვფიქრობთ წარმატებულად ჩაივლის. მეწარმეები და მევენახეები კი თავად თანხმდებიან ფასზე ყურძნის ხარისხისა და კონდიციიდან გამომდინარე“,- განუცხადა knews.ge-ს მინისტრმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კახეთის რეგიონში რთველის შედეგად ამ დროისთვის 60 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.
მოამზადა მაკა ხაზიურმა.