ახალი ამბები

აზიური ფაროსანა შესაძლოა კახეთშიც გავრცელდეს

მინისტრის მოადგილის, რევაზ ასათიანის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მავნებელი მწერი ზამთარში იმალება, სამინისტრო მასთან ბრძოლისთვის ყველა ღონისძიების გატარებას გააგრძელებს.

“საშიშროება, რა თქმა უნდა, არსებობს. როგორ შეიძლება, რომ მწერს რაღაც შეზღუდვები დავუწესოთ, ცაში სად გაფრინდეს და სად არა. ამის რისკები არსებობს, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულება სამ ნაწილად დავყავით. ერთი – როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ფაროსანა შენობაშია შესული, მეორე – რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ფაროსანა საკარმიდამო 
ნაკვეთებშია და მესამე, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ფაროსანა თხილნარშია. ამიტომ სამივე მიმართულებით აქტიური ღინისძიებები მიმდინარეობს. სეზონზე ფაროსანა აქტიური განაყოფიერების პერიოდში 400-450 კვერცხს დებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი მექანიკური განადგურება”, – განაცხადა რევაზ ასათიანმა. 

მისივე თქმით, მავნებელთან ბრძოლისთვის რეგიონებში სპეციალური ხაფანგია დამონტაჟებული. 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ facebook–ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები. უწყების რეკომენდაციით, აღმოჩენის შემთხვევაში ფაროსანას კვერცხდების კერები მექანიკურად უნდა განადგურდეს. ქიმიური პრეპარატების გამოყენებისას აუცილებლია წესებისა და ლოდინის პერიოდის მკაცრი დაცვა. მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენება საქართველოში რეგისტრირებული სინთეზური პირეტროიდებისა და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის ინსექტიციდები. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების მიხედვითა და ამერიკელი მეცნიერების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია პირეტროიდული ჯგუფის ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომელთაგანაც საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია: ტალსტარი, ზონდერი, ინსეკარი და კურა-კურა. პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6-1ლ/ ჰექტარზე.

აზიური ფაროსანა მავნებელ მწერია, რომელიც იკვებება მცენარეებით. მავნებელი საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ის ძირითადად გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. თხილის გარდა, მავნებელი აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს, ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს.