უცხოელებს მიწა მხოლოდ გრძელვადიანი ჯარით გადაეცემათ
ახალი კანონპროექტის მიხედვით, სასოფლო–სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება გამონაკლისების გარეშე აიკრძალება. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, დოკუმენტი უცხოელებს მხოლოდ გრძელვადიან იჯარას სთავაზობს. ოთარ დანელიას განმარტებით, არც შემუშავებული რეგლაციები და არც საკონსტიტუციო ჩანაწერი მიწებთან დაკავშირებით, საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებებს ხელს არ შეუშლის, როგორც ამას ინვესტორთა საბჭოში ფიქრობენ.
“საკონსტიტუციო ჩანაწერი ხელს ვერ შეუშლის. ინვესტორთა საბჭოსთან ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს დისკუსია ამასთან დაკავშირებით. ამისთვის გახსნილია დიალოგი, რადგან არსებობს ხელმისაწვდომობა. ჩვენ რა გვინდა, რომ პრივატიზება გააკეთონ მიწის, თუ ხელმისაწვდომი იყოს? მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია დამუშავდეს მიწები, ინვესტიციები მოვიზიდოთ და ხელმისაწვდომი იყოს. ამისთვის იჯარის ფორმაც არსებობს, ასევე არსებობს უცხოური თანამონაწილეობით იურიდიული პირებისთვის მინორიტარული პირობით, 49%-მდე თანამონაწილეობა ერთ სუბიექტში, ამიტომ მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. თუ სერიოზული ინვესტორია, მას არავითარ შემთხვევაში პრობლემა არ შეექმნება”, – განაცხადა დანელიამ და აღნიშნა, რომ არსებული კანონპროექტი გამონაკლისებს არ ითვალისწინებს.
მისივე თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ერთანი პოზიციას არ არსებობს.
„დეპუტატების სრული უმრავლესობა, ისევე როგორც მინისტრების, ვერ იქნება ყველა ერთ აზრზე. ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ეკონომიკის მინისტრს უნდა ეკონომიკის განვითარება და ამიტომ ცდილობს, რომ მაქსიმალურად ამის შესაძლებლობა გამოყენებულ იქნას, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე“, – აღნიშნა დანელიამ.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მომზადებული კანონპროექტი სამუშაო ვერსიაა და შესაძლებელია, საკომიტეტო მოსმენებზე გარკვეული კორექტივები შევიდეს. მისივე ინფორმაციით, კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ინვესტორთა საბჭომ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ მთავრობას წარუდგნა.
საბჭო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ორმხრივი ინვესტიციების ხელშეკრულებებთან, რომელიც საქართველოს 30-მდე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.