თელავში ერეკლეობა აღინიშნება
თელავში ერეკლე მეორის დაბადებიდან 297 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. თელავის მერიის ინფორმაციით, მეფის სასახლეში მიმდინარეობს ეროვნულ სამოსში კოსტიუმირებული სანახაობა და კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ ანსამბლები „კახეთის ჰანგები“ და „პატარა კახი“.
„ძველი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება თელაველი მხატვრებისა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა. კულტურის ცენტრში კი ახალგაზრდა მხატვრის ნინო ჯელაძის ნამუშევრებია გამოფენილი. ქალაქის მთავარ მოედანზე დილიდან გახსნილია სოფლის ნობათის, ღვინის, ტურიზმის, ხალხური რეწვის, წიგნისა და მუსიკის პავილიონები. ღია სცენაზე მიმდინარეობს ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი“, – განაცხადეს თელავის მერიაში.
„ერეკლეობის“ დღესასწაულის ფარგლებში დღეს დააჯილდოვებენ თელავის საპატიო მოქალაქეებს. ერეკლე მეორის დაბადებიდან 297 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაასრულებს კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე და ბენდი. 20:00 საათზე კი საზეიმო ფოირვერკია დაგეგმილი.
ერეკლე II 1720 წლის 7 ნოემბერს თელავში დაიბადა.