2024 წლის 28 ნოემბრიდან 28 იანვრამდე აქციებიდან კლინიკაში 207 პირი გადაიყვანეს – საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2024 წლის 28 ნოემბერს თბილისში დაწყებული დემონსტრაციების პერიოდში, 200-ზე მეტი ადამიანის კლინიკებში გადაყვანა გახდა საჭირო. ორგანიზაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამ მონაცემების გაჟღერებისას ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებულ წერილს ეყრდნობა.
საიას მიერ გავრცელებული წერილის ფრაგმენტის თანახმად, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრამდე პერიოდს მოიცავს:
„შეგვიძლია გაცნობოთ, რომ [ამ პერიოდში] სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადებმა აქციებიდან სამედიცინო დაწესებულებებში 207 პირი გადაიყვანა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს წერილში.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ ორთვიან პერიოდში: სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა პოლიციის განყოფილებიდან 18 ადამიანი გადაიყვანა კლინიკაში. დროებითი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაყვანილია 16 პირი.
ნონა ქურდოვანიძე არასრულყოფილად აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ინტოქსიკაციის მასშტაბების შესახებ.
სუსმა გუშინ განაცხადა, რომ 28 ნოემბრის შემდგომ დღეებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ.
საიას ხელმძღვანელი მიუთითებს, რომ სუსის ეს მონაცემები ინტოქსიკაციის რეალურ სურათს არ იძლევა, ვინაიდან „ინტოქსიკაციის მასშტაბების გაზომვა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გუშინ გაჟღერდა, არასრულია“.
ასევე სუსის მონაცემებში არ შედიან სამედიცინო დაწესებულებებში თვითდინებით მისული პაციენტები, რომელთა რაოდენობაც ამ დროისთვის უცნობია.
ქურდოვანიძე ასევე აღნიშნავს, რომ საიასთვის თებერვალში მიწოდებულ პასუხში, კლინიკებში გადაყვანილი დაზიანებული პირების საერთო რაოდენობა „54-ზე ბევრად მეტი წერია“.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა გუშინ ასევე გაავრცელა ინფორმაცია მასების მართვისთვის გამოყენებული ნივთიერებების შესახებ. უწყების ცნობით, 4-5 დეკემბრის ღამით გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი გამოიყენეს.
მათივე თქმით, ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს არასდროს შეუძენია.

