ლაგოდეხი- ისტორიული ძეგლებით და მრავალფეროვანი ლანდშაფტით გამორჩეული მუნიციპალიტეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი კახეთის რეგიონში, თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტით, გამორჩეულ ადგილს იკავებს ბუნების მოყვარული ვიზიტორების ტურისტულ რუქაზე.
მსოფლიოში ერთ-ერთი, ბუნებრივი სილამაზით გამორჩეული დაცული ტერიტორია, ლაგოდეხში მდებარეობს. მუნიციპალიტეტი გამორჩეულია ქრისტიანული ძეგლების სიმრავლით.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორია მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19755 ჰა) და აღკვეთილს (4500 ჰა). ლაშქრობის მოყვარული ვიზიტორებისთვის ლაგოდეხის აღკვეთილში მოწყობილია ხუთი საინტერესო ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, ,,ნინოსხევის ჩანჩქერი“, ,,მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“ და „ბუნების შემეცნების ბილიკი“. შავი კლდეების ტბა, ზღვის დონიდან 2700 მ. სიმაღლეზე, ალპურ მდელოზე მდებარეობს. ვიზიტორებს სამდღიანი მოგზაურობა უწევთ ბუნების საოცრების სანახავად.
ლაგოდეხს ბოლო წლების მანძილზე, გაზრდილი ტურისტული ნაკადის პარალელურად, არაერთი ტურისტული დანიშნულების ადგილი შეემატა. ნაკრძალთან მისასვლელ გზაზე ვიზიტორებს ხის კოტეჯები ხვდება, რომელიც გარშემორტყმულია სუბტროპიკული ტყით. ნაკრძალში მოწყობილია საინფორმაციო ცენტრი, საკემპინგე და საპიკნიკე სივრცეები.
ლაგოდეხი გამორჩეული მუნიციპალიტეტია ვიზიტორებისთვის, როგორც ბიომრავალფეროვნებით, ასევე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობით.
ფოტოები: კახეთის გუბერნია