ახალი ამბები

საქართველოში 2 013 500-ზე მეტი ავტომობილია დარეგისტრირებული

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 013 500 ერთეულს გადააჭარბა.

ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს რეალურ დროში მონაცემებიდან ჩანს.ამავე მონაცემებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველდღიურად საშუალოდ, 600-მდე ავტომობილი რეგისტრირდება.

„ბიზნესპრენსიუსი“ აღნიშნულ სტატისტიკას იყენებს იმისთვის, რომ თვალსაჩინო იყოს, თვეში რეგისტრირებული ავტომობილების საშუალო მაჩვენებელი. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, თვეში საშუალოდ 16 800 მანქანა გადის რეგისტრაციას.

თუ მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ, გამოდის, რომ ქვეყანაში მცხოვრებ ყოველ 1.8 მოქალაქეზე ერთი ავტომობილი მოდის. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში სულ 3 704 500 ადამიანი ცხოვრობს.

შენიშვნა: ავტომობილების გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, შემდგომ რეექსპორტზე გავიდეს. თუმცა, საქართველოში რეგისტრირება ნიშნავს, რომ შიდა სატრანზიტო ნომრის გამოყენების 2-თვიანი ვადა უკვე გასულია, შესაბამისად, ავტომობილი ქვეყანაში საშუალოდ 2 თვე იმყოფება.

მომსახურების სააგენტოს სტატისტიკიდან ასევე ჩანს, რომ ქვეყანაში უკვე 1.692 მლნ-ზე მეტი მართვის მოწმობაა გაცემული.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილია, შემდეგ პოზიციებზეა TOYOTA და FORD-ი.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, ტოპ-10 ბრენდის ავტომობილს, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენით მოძრაობს:

MERCEDES-BENZ – 227 635 ერთეული
TOYOTA – 213 978 ერთეული
FORD – 187 576 ერთეული
VAZ – 152 778 ერთეული
OPEL – 146 676 ერთეული
BMW – 90 116 ერთეული
VOLKSWAGEN – 80 293 ერთეული
HONDA – 74 527 ერთეული
NISSAN – 73 419 ერთეული
MITSUBISHI – 58 247 ერთეული.