ახალი ამბები

მთავრობა ავტომფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დაწესებას გეგმავს მძღოლი

მთავრობა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვას გეგმავს. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში, რომელიც პარლამენტს უნდა წარედგინოს. მთავრობის გეგმა ირაკლი კობახიძემ 30 იანვრის განკარგულებით დაამტკიცა.

მთავრობის განმარტებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მიმართული იქნება ავარიების შედეგად გამოწვეული სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ. კერძოდ, მთავრობა აცხადებს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის ფარგლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირი სათანადო კომპენსაციას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში იღებს მაშინაც კი, როდესაც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

“საქართველოში დინამიკურად მზარდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ფონზე, შესამჩნევად იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები. ყოველწლიურად, საქართველოს გზებზე ფიქსირდება ასობით ადამიანის გარდაცვალებისა და ათასობით ადამიანის სერიოზული დაშავების ფაქტი. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მონაწილეები სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე აქტიური მოქალაქეები არიან, მათგან ბევრი ახალგაზრდაა, ბევრი დაუცველი – ბავშვები, მოხუცები. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ხშირად სამუდამო ტრავმებით/დაზიანებებით, აქტიური მუშაობის შეწყვეტითა და მაღალი ხარჯებით სრულდება არა მარტო მსხვერპლისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვის, ზიანის მიმყენებელი პირისთვის, რომლისთვისაც მძიმე ტვირთია ასეთი ხარჯების გაწევა, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის, დამსაქმებლისა და ჯანდაცვის სისტემისთვის. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა მოითხოვს სისტემურ გადაწყვეტას, რაც ათწლეულების კვლევისა და მრავალი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის გზით.

სოციალური დაცვის ამ ქმედითი მექანიზმის შესაქმნელად თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. დაზღვევის სავალდებულო ფორმით განხორციელება მიმართულია პენეტრაციის მაღალი ხარისხის მიღწევის და სადაზღვევო პრემიის ოდენობის ოპტიმალური მინიმიზაციისკენ, რაც მხოლოდ სრულად ათვისებული ბაზრის პირობებშია შესაძლებელი”, – წერია განკარგულების დოკუმენტში, თუმცა კონკრეტულად პრემიის ოდენობები და პოლისის საფასური ჯერ დაკონკრეტებული არაა.

მთავრობაში ირწმუნებიან, რომ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის დანერგვა ხელს შეუწყობს სახელმწიფოში სადაზღვევო კულტურის, ამ მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების და სექტორისადმი ნდობის ამაღლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია დაზღვევის, როგორც მოულოდნელ ფინანსურ დანახარჯებთან გამკლავების ალტერნატიული საშუალების ეფექტიანი ფუნქციონირება. ამასთან, მთავრობას არგუმენტად მოჰყავს საქართველოს აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც ქვეყანამ თავისი კანონმდებლობა უნდა დაუახლოოს ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის, 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/103/EC დირექტივას, რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას და მოცემულ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში ამ ვალდებულების შესრულებას.