ახალი ამბები

მთავრობა „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციას გეგმავს

მთავრობა „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციას გეგმავს, – აღნიშნულის შესახებ ირკვევა პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმიდან.

„სააქციო საზოგადოება – საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ძალადაკარგულად გამოცხადდება „სააქციო საზოგადოების – საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონი“, – აღნიშნულია მთავრობის მიერ მომზადებულ გეგმაში.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს განვითარების ფონდი“ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2011 წლიდან „საპარტნიორო ფონდის“ სახელწოდებით იყო ცნობილი. რეფორმირების შედეგად, 2023 წელს ფონდს „საქართველოს განვითარების ფონდი“ ეწოდა.

აღსანიშნავია, რომ ფონდის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო ბიზნესებისგან ინვესტიციების მოზიდვა და პროექტების განვითარებისთვის საწყის ეტაპზე მხარდაჭერა.

რაც შეეხება ხელმძღვანელობას, „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილია. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას დავით საგანელიძე იკავებს; თავმჯდომარის მოადგილეა მერაბ კაკულია; ხოლო საბჭოს წევრები: ნანა ადეიშვილი, ვაზილ ჰუდაკი და ავთანდილ საგანელიძე არიან.