პატრონიანი ძაღლები ერთიან ბაზაში დარეგისტრირდებიან, უპატრონოებს კი კასტრაცია ჩაუტარდებათ – სეს
სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სეს-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით, ,,ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამას“ განახორციელებს.
როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.
სეს-ის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად, მიკროჩიპის გამოყენებით, ერთიან ბაზაში დაარეგისტრირებს პატრონიან ძაღლებს და სტერილიზაციას ჩაუტარებს ძუ ძაღლებს.
ამასთან, თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას ჩაუტარებს უპატრონო/მიკედლებულ ძაღლებს, რომელთაც, რეგიონის მიხედვით, გადაიყვანს თბილისის, გურჯაანის, გორისა და ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში.
„გარდა არსებული თავშესაფრებისა, რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროგრამის განხორციელების პროცესში ითანამშრომლონ სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან, ჩაერთონ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში და დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე ძაღლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება”, – ვკითხულობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

