ახალი ამბები

ქვეყანაში „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამა“ ამოქმედდება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყანაში „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამა“ ამოქმედდება.

პროექტს სურსათის ეროვნული სააგენტო, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით განახორციელებს.

პროგრამის გაცხადებული მიზანი ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენციაა, რაც, უწყების განმარტებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ცხოველების, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს:

ჩატარდება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ცხოველები დარეგისტრირდებიან ერთიან ბაზაში მიკროჩიპის საშუალებით, ხოლო ძუ ძაღლებს სტერილიზაცია ჩაუტარდებათ;
თბილისისა და აჭარის გარდა, რეგიონებში მოხდება ცხოველების ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია.
პროგრამის ფარგლებში, უპატრონო ცხოველებს რეგიონების მიხედვით გადაიყვანენ თბილისის, გურჯაანის, გორისა და ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფრებში.

არსებული ინფრასტრუქტურის გარდა, რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა იგეგმება შემდეგ რეგიონებში:ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და სთხოვს, აქტიურად ჩაერთონ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში. სააგენტოს განცხადებით, ეს აუცილებელი ნაბიჯია შინაური ცხოველების ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანაში სამი წლის ვადით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი ცხადდება.