ახალი ამბები

“პუბლიკას” 2 ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის გამო 2 პირს ბრალდება წარედგინა

პუბლიკას ცნობით, მათი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის პროკურატურამ 2 პირს, ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალდება წარუდგინა.

საქმე ეხება 8 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ფაქტებს. გამოცემის ცნობით, ლევან ზარდიაშვილმა იძალადა და ტელეფონი წაართვა ჟურნალისტ ქეთო მიქაძეს. ტელეფონი წაართვეს ასევე მათ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, თუმცა ის მოგვიანებით დაიბრუნეს.

პუბლიკა წერს, რომ მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

აღსანიშნავია, რომ არცერთი ბრალდებული დაკავებული არ არის.