კახეთში ეთნიკურ თემებში მცხოვრები ქალები არჩევნებზე ინფორმაციას არ ფლობენ
ისინი ერთადერთ მოვალეობად შვილების გაზრდას და ოჯახის მოვლას მიიჩნევენ, რის გამოც საზოგადოების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ აქვთ და არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრი მამაკაცებისგან იღებენ.
იორმუღანლოს თემში მცხოვრები სადაფ ნოვიზოვი ამბობს, რომ ქალები ქუჩაში გამოსასვლელად ვერ იცლიან, რადგან ბევრი საქმე აქვთ. იგი არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ საარჩევნო უბანზე მისვლა დროის ფუჭად დახარჯვაა.
,,მე არჩევნებზე ნამყოფი არ ვარ, არ მივდივარ ხოლმე. აქ ქალებს საქმეები აქვთ, რის გამოც ბევრი მათგანი ვერ მიდის ხმის მისაცემად. ძირითადად საოჯახო საქმეებით და ბავშვის გაზრდით ვართ დაკავებული. რა ხდება საქართველოში და ჩვენს მუნიციპალიტეტში ტელევიზორიდან ვიგებ და ჩემი ქმარიც მეუბნება ხოლმე, როცა რაღაც საკითხზე რამე მაინტერესებს. პარტიების წინასაარჩევნო პროგრამა არასოდეს წამიკითხავს, არც მათი ვინაობით დავინტერესებულვარ ’’,– განუცხადა Knews.ge–ს სადაფ ნოვიზოვმა.
იორმუღანლოში მცხოვრები ალხან გულიევი ამბობს, რომ მისმა მეუღლემ ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი არ იცის, ამიტომ ის არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას. იორმუღანლოს თემის სოფლებში მცხოვრები ქალების უმრავლესობას ენობრივი ბარიერის პრობლემა აქვთ.
,,ჩვენი ქალები არ დადიან არჩევნებზე, რადგან ისინი დაჩაგრულები არიან. მათმა დიდმა ნაწილმა ქართულად წერა-კითხვა არ იცის, ამიტომ ერიდებიან ხოლმე ქუჩაში გამოსვლას. ისინი, რომლებიც არჩევნებზე მიდიან, გვერდით ქმარი ან ოჯახის წევრი სხვა მამაკაცი ჰყავთ და ისინი უხსნიან, ვინ უნდა შემოხაზონ.’’
იორმუღანლოს თემისგან განსხვავებით, ქალთა აქტიურობის და ინფორმირებულობის დონე შედარებით მაღალია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში. მდედრობითი სქესის ადგილობრივი წარმომადგენლების უმრავლესობა სახელმწიფო ენაზე შედარებით უკეთ საუბრობს, თუმცა საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციას მაინც არ ფლობენ. ისინი ამბობენ, რომ არჩევნები და კანდიდატების საარჩევნო პროგრამები არ აინტერესებთ.
,,სოფელში ბევრმა ქალმა იცის ქართული. მე ქართული სკოლა დავამთავრე, შვილები, შვილიშვილები მყავს და ყველა ქართულ სკოლაში დადის. რაც შეეხება არჩევნებზე წასვლას, აქ ყველა მიდის და აძლევს ხმას, მათ შორის ქალები. ისინი უფრო აქტიურობენ ხოლმე არჩევნების დღეს,’’– განუცხადა Knews.ge-ს ქუდრათ ჰუსეინყიზიმ.
,,მე ვისაც მინდა იმას ვაძლევ ხმას, ჩემთვის ვინც უკეთესია და მგონია, რომ მომიგვარებს სოფელში არსებულ პრობლემებს იმას ვუჭერ მხარს. ასე იქცევიან სხვა ქალებიც. მათ არავინ არაფერს აძალებს’’, – ამბობს როიშან ყურბანოვი.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა, აღზრდა და საშინაო საქმეების კეთება.
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონული კომიტეტის წარმომადგენელი, ექსპერტი გენდერის საკითხებში, ჯილდა ნიბლაძე მიუთითებს, რომ ქვეყანაში არსებული სტერეოტიპების მიხედვით კარგი ცოლი უნდა დაემორჩილოს მეუღლეს, მაშინაც კი, როდესაც არ ეთანხმება მას. ნიბლაძე ამ პრობლემას გარკვეულწილად უკავშირებს ქალებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, ფიქრობენ, რომ ქმრებს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ.
,,ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ვალდებულია, იჯდეს სახლში, შვილები ზარდოს, სახლი დაალაგოს, ქმარს მომზადებული საჭმელი დაახვედროს, მოემსახუროს და დაემორჩილოს ქმარს. ქალთა უფლებები ქალაქშიც და სოფელშიც ყოველდღიურად ირღვევა. განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებში. მათი დიდი ნაწილი მალავს ძალადობის ფაქტს. გავრცელებული აზრის მიხედვით, ქალი უნდა იყოს ქმრის მონა, გააკეთოს ის, რასაც ქმარი ეტყვის. გენდერული ბალანსი რომ არ დაირღვას, უნდა ჩატარდეს მეტი პრევენციული ღონისძიება, როგორც სახელმწიფოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან’’,- აცხადებს ჯილდა ნიბლაძე.