არსებობს თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რეალური საფრთხე
შესაძლოა თუ არა შეჩერდეს ან გაუქმდეს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვის? – ევროკავშირში ასეთი შესაძლებლობა არ გამოირიცხება.
შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის საფრთხე – ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად გაგონილი ფრაზებია, რომელიც ევროკავშირის ელჩისგან საქართველოში და ქვეყნის სხვა პარტნიორებისგან გვესმის.
სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ნაწილს მიაჩნიათ, რომ წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები დიდ გავლენას მოახდენს ამ პროცსებზე.
ნიკა სიმონიშვილი, იურიდიული სააგენტო ,,იუნითი“:
,,საარჩევნო პროცესის უარყოფითად შეფასებამ შეიძლება, გამოიწვიოს ვიზალიბერალიზაციის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ამას არ სჭირდება ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში. ამისათვის ქვეყნების უმრავლესობის გადაწყვეტილება საკმარისია. მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების რესურსი ევროკავშირში არსებობს რაც დაადასტურეს კიდეც”.
ანა პაჭიკაშვილი, ,,საქართველოს უდიები“:
,,ამ არჩევნებზე დამოკიდებული იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. თუ არ ჩატარდებოდა სამართლიანი არჩევნები, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი არ გაიხსნებოდა და ამას ამბობდა ევროკავშირის ელჩიც. კანდიდატის სტატუსიც ამჟამად სამწუხაროდ, გაყინულია. უნდა გადავიდეთ ევროკავშირთან მოლაპარაკების ეტაპზე და 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა”.
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში:
“საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღიაა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას ყოველთვის მხარს უჭერდა.”
სალომე სამადაშვილი, “ძლიერი საქართველო”:
,,ჩვენ მოვისმინეთ, რომ ევროკავშირის გაფართოების უკანასკნელი ტალღაა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო თუ დარჩება ამ გემის მიღმა, არასდროს გვექნება შანსი რომ გავწევრიანდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაყალბებული რუსული სპეცოპერაცია უპასუხოდ არ დატოვოს არც ქართველმა ხალხმა და არც საერთაშორისო თანამეგობრობამ და ჩვენ მივაღწიოთ იმას რომ გადავარჩინოთ ქვეყნის ევროპული მომავალი.”
- რას გულისხმობს შეჩერების მექანიზმი?
ევროკავშირის კანონმდებლობისა და რეგულაციების თანახმად:
ამა თუ იმ ქვეყნისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი შესაძლებელია წამოჭრას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანამ, ქვეყნების ჯგუფმა, ანდა თავად ევროკომისიამ.
• სავიზო ლიბერალიზაცია შესაძლებელია შეჩერდეს პირველ ჯერზე 9 თვით და შემდეგ, დამატებით – 18 თვით [ჯამში 27 თვე];
• 9-თვიან პერიოდში შესაძლებელია დაიშვას გარკვეული გამონაკლისები ადამიანების გარკვეული კატეგორიებისთვის; თუმცა 18-თვიანი პერიოდი „სრულ შეჩერებას“ გულისხმობს.
• შესაბამის აქტებს გამოსცემს ევროკომისია.
• ევროკავშირის საბჭოში საკითხი კვალიფიციური უმრავლესობით [55%] წყდება – საკმარისია 15 ქვეყნის თანხმობა 27 წევრიდან – ხმები უნდა მოიცავდეს ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს].
- რა არის შეჩერების საფუძველი?
დღეს მოქმედი წესებით, სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს:
• უკანონო მიგრაციის, ვადის დარღვევისა და შესვლაზე უარის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა [50%-ზე მეტი];
• თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა [50%-ზე მეტი] – დადებითი პასუხის დაბალი მაჩვენებლით [დაახლოებით 3-4%];
• რეადმისიის [უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევთა დაბრუნება საქართველოში] შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შემცირება;
• ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების რისკების ზრდა, კერძოდ – სისხლის სამართლის დანაშაულის მაჩვენებლების მიხედვით.
- და რა დროს და როგორ ხდება უვიზო რეჟიმის გაუქმება?
თუკი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ჯერ 9- და შემდეგ 18-თვიანი ეტაპის ფარგლებში ევროკომისიის ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდება და ქვეყანა [რომელსაც სავიზო ლიბერალიზაცია შეუჩერდა] – პროგრესს არ აჩვენებს, შესაძლებელია დადგეს ამ რეჟიმის სრულად გაუქმების საკითხი.
ევროკომისიას შეუძლია შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მიმართოს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს [მინისტრების დონეზე]. განხილვა საჭიროებს ორდინარულ საკანონმდებლო პროცედურებს.
თუკი ევროკომისიის ინიციატივა დამტკიცდება – ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მქონეთა სიიდან [Annex II] შესაძლოა გადაინაცვლოს იმ ქვეყნების სიაში [Annex I], რომელთა მოქალაქეებსაც ვიზები ესაჭიროებათ.
ევროკავშირის საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, ორდინარული საკანონმდებლო პროცედურის დროს – საკითხს პარლამენტი და ევროკავშირის საბჭო პარალელურ რეჟიმში განიხილავენ.
გათვალისწინებულია საკითხის 3 მოსმენით განხილვა – როგორც ევროპარლამენტში, ასევე საბჭოში. პარლამენტს შეუძლია საბჭოს პოზიციის ჩაგდება და პირიქითაც.
სხვადასხვა ეტაპზე, საკითხს უბრალო უმრავლესობის [მომხრე მეტია მოწინააღმდეგეზე] და აბსოლუტური უმრავლესობის [სრული სიის უმრავლესობა] თანხმობა ესაჭიროება. თუკი შეთანხმებას სწრაფად მიაღწიეს, პროცესი შესაძლოა პირველი მოსმენის ეტაპზევე დასრულდეს.
როგორც შეჩერების, ასევე გაუქმების საფუძვლები მტკიცედ უნდა იყოს დასაბუთებული.