ევროპარლამენტი არჩევნების ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის
ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები და ერთი წლის განმავლობაში მათი ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის, – ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო.
„ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა დარღვევების სიმრავლის გამო ხმის მიცემის ლეგიტიმურობა სერიოზულადაა შელახული, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები; შესაბამისად, უარყოფს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერ აღიარებას და მოუწოდებს მათი ხელახლა ჩატარებისკენ ერთი წლის განმავლობაში, პროცესის გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ ჩატარებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
ამასთან, რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი გმობს იმ ფაქტს, რომ საქართველომ, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატმა ქვეყანამ, ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს, რომელიც არ იცავდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს ან მის, როგორც ეუთოს წევრის ვალდებულებებს, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
„ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო კეთილსინდისიერების დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან; ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ არჩევნების ჩატარება იყო დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი გამოვლინება, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მმართველი პარტიას ეკისრება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს მრავალრიცხოვან და სერიოზულ საარჩევნო დარღვევებს, მათ შორის დაშინების, ხმების მანიპულირების, ბიულეტენების ჩაყრის, არჩევნების დამკვირვებლებისა და მედიისთვის ხელის შეშლის დოკუმენტურ შემთხვევებს, ელექტრონული ხმის მიცემის აპარატებთან დაკავშირებული მანიპულაციების შესახებ ცნობებს, რომლებიც პირადობის დამადასტურებელი ერთი დოკუმენტით ხმის მრავალჯერადად მიცემას საშუალებას იძლეოდა, ასევე ცნობებს ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსის და მძიმე პროცედურული დარღვევების გამოძიების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
„თვლის, რომ ფართო საარჩევნო გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის კეთილსინდისიერებას, შედეგების ლეგიტიმურობას და საზოგადოების ნდობას ნებისმიერი ახალი მთავრობის მიმართ და რომ შედეგები არ არის ქართველი ხალხის ნების სანდო წარმოდგენა. აცნობიერებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების გაყალბების მკაცრ დაგმობას და მის გადაწყვეტილებას არ აღიაროს შედეგები; აფასებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ქვეყანა განვითარების დემოკრატიული და ევროპული გზისკენ შეაბრუნოს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროპარლამენტი მხარს უჭერს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების მოწოდებას საარჩევნო მანიპულირების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების ბრალდებებზე, რომელიც დაფიქსირდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.
„ევროპარლამენტი მიესალმება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გადაწყვეტილებას საქართველოში ტექნიკური მისიის გაგზავნის შესახებ; მოუწოდებს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს და კომისიას ჩამოაყალიბონ მისიის ფართო მანდატი, რომელიც სცილდება ეუთოს არჩევნების სადამკვირვებლო ჩარჩოსა და მეთოდოლოგიის შეზღუდვებს, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის არჩევნებზე დაკვირვების მეთოდოლოგიისგან, რადგან ეუთოს მეთოდოლოგიას ყოველთვის არ შეუძლია ადეკვატურად აღბეჭდოს ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში არჩევნების დღემდე, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც არის საჯარო მოხელეებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა დაშინების და ადგილობრივი არჩევნების დამკვირვებელთათვის ხელის შეშლის დამკვიდრებული სისტემა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ევროპარლამენტი გამოთქვამს შეშფოთებას პროკურატურის მიერ ამომრჩეველთა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების და საარჩევნო დოკუმენტაციის ჩამორთმევის გამო; მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუშვან ამომრჩევლების მიერ არჩევნებში მათი მონაწილეობის გადამოწმება მონაცემთა დაცვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად; ხაზს უსვამს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის დაცვის და შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის მათი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი შეიძლება შეიცავდეს რაიმე სახის დარღვევების ძირითად მტკიცებულებებს.
„ევროპარლამენტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს სასამართლო ინსტიტუტების მიერ არჩევნების გაყალბებისა და მანიპულირების შესახებ მრავალ საჩივარზე რეაგირებაზე კოორდინირებულად უარის განცხადებასთან დაკავშირებით და ცესკო-ს მიერ რომელიმე საარჩევნო ინციდენტის გამოძიების სრულ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ საზოგადოების ჭეშმარიტ შეშფოთებასა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებზე რეაგირების არ მოხდენით, საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად მიჰყავს ქვეყანა შიდა პოლიტიკური კრიზისისა და საქართველოს დემოკრატიული პარტნიორებისგან საერთაშორისო იზოლაციის ზღვარზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.