ევროპარლამენტი ევროკომისიას საქართველოს უვიზო სტატუსის გადახედვისკენ მოუწოდებს- რა წერია რეზოლიციაში
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკომისიას საქართველოს უვიზო სტატუსის გადახედვისკენ მოუწოდებს.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 72 ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 82-მა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტი ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტების მკვეთრად შეზღუდვისკენ მოუწოდებს და საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს კიდევ ერთხელ გმობს.
ასევე, ევროპარლამენტი საბჭოს, კომისიას, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და ახალ ვიცე-პრეზიდენტს/უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი გადახედვისკენ მოუწოდებს.
ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას შეახსენებს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა ქვეყნის პროდასავლურ კურსსა და მის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს მტკიცედ უჭერს.
ევროპარლამენტი საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის სისტემატურ ჩარევას კატეგორიულად გმობს.
ამასთან, ევროპარლამენტარები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ მოწოდებას კიდევ ერთხელ იმეორებენ.
რეზოლუციის თანახმად ევროპარლამენტი:
ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და მოუწოდებს კომისიასა და საბჭოს საქართველოს უვიზო სტატუსს გადახედონ, მისი შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების სფეროებში დაცული არ არის;
მოუწოდებს ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები მკვეთრად შეზღუდოს;
გმობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს, რომელიც ევროკავშირის პოზიციების დარღვევა და ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შელახვის კიდევ ერთი მცდელობა იყო; კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის სახელით არ საუბრობდა;
იხსენებს, რომ ახალი ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღების შედეგად, როგორიცაა „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია; იხსენებს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის თანხების გამოყოფა გაყინა; ხაზს უსვამს, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლა არა მხოლოდ სამწუხაროა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ადრე ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი იყო, მაგრამ ასევე საჭიროა აღნიშნული ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაწვევა იმისთვის, რომ ევროკავშირთან ქვეყნის ურთიერთობა კურსს დაუბრუნდეს. სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება მმართველი პარტიის მიერ ავტორიტარულ ცვლილებასა და ქართველი ხალხის პროევროპული მისწრაფებების ღალატზე მიუთითებს. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მის ურყევ მხარდაჭერას იხსენებს; შეახსენებს საქართველოს მთავრობას, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა ქვეყნის პროდასავლურ კურსსა და მის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს მტკიცედ უჭერს;
შეშფოთებულია დაშინებისა და პოლარიზაციის კლიმატით, რომელიც გამოწვეულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებებით, ასევე პოლიტიკურ პლურალიზმზე თავდასხმებით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის, მათი ლიდერებისა და რიგითი მხარდამჭერების დაპატიმრებისა და განსხვავებული აზრის გაჩუმების მუქარით; აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ კანონიერად ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირს ჩამოაშორებს და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას შეუძლებელს გახდის;
კატეგორიულად გმობს რუსეთის სისტემატურ ჩარევას საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში, მათ შორის ამომრჩეველთა დაშინების, ხმების მოსყიდვისა და დეზინფორმაციის გზებით, როგორიცაა „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ შეთქმულება; გმობს მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და მთავრობასთან დაკავშირებული მედიის მიერ წინასაარჩევნოდ გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივებს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და კომუნიკაცია უზრუნველყოს, თავი შეიკავოს ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება და გააძლიეროს ქართული საზოგადოების მდგრადობა რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ;
იხსენებს, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს სამიტზე მიანიჭა, იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში; ხაზს უსვამს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები აშკარად ეწინააღმდეგება ამ მისწრაფებებს; ეთანხმება კომისიის 2024 წლის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილ შეფასებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული დემოკრატიული უკუსვლის შედეგად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი განუსაზღვრელი ვადით უნდა შეჩერდეს; ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან შეუთავსებელია;
კიდევ ერთხელ იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მიმართ და მათ სურვილს იცხოვრონ წარმატებულ, დემოკრატიულ და კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და და ღია საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უზრუნველყოფს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მოქალაქეთა შეკრების უფლება და თავი შეიკავოს მათ მიმართ უსაფუძვლო ძალის გამოყენებისგან;
მოუწოდებს საბჭოს, კომისიას, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და ახალ ვიცე-პრეზიდენტს/უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვა და გადახედვა განახორციელონ; მოუწოდებს კომისიას გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად იყო განკუთვნილი, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის გასაძლიერებლად გამოიყენოს; კერძოდ, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა, რომლებიც სულ უფრო მეტად ექცევიან მმართველი პოლიტიკური პარტიისა და ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ; ასევე, დემოკრატიული მდგრადობისა და არჩევნების მთლიანობის მხარდამჭერ პროგრამებს მხარი დაუჭიროს; აღნიშნულის შესახებ ვიცე-პრეზიდენტის/უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის წინადადებას მიესალმება; მოუწოდებს ევროკავშირის დაფინანსების მექანიზმების ადაპტირებისკენ, უფრო მტრულ და ანტიდემოკრატიულ გარემოში წარმოქმნილი საჭიროებების გათვალისწინებით;
მტკიცედ იმეორებს თავის სასწრაფო მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე სრული და უდავო პასუხისმგებლობა ეკისრება და ნებისმიერ ზიანზე, რომელიც მას მიადგება, სრულად პასუხისმგებელი იქნება;
ავალებს თავის პრეზიდენტს, რომ ეს რეზოლუცია გაუგზავნოს კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.