სტატიები

შშმ პირებისთვის არაადაპტირებული საარჩევნო გარემო

მიზეზი ქალაქებსა და სოფლებში არსებული საარჩევნო უბნების ძალიან დიდი ნაწილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით არ არის ადაპტირებული, რის გამოც შშმ პირების გარკვეული სეგმენტი გადასატანი ყუთით სარგებლობს, ნაწილი კი ამ სერვისის შეთავაზებაზე უარს ამბობს და ხმას არ აძლევს.
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკა რამდენიმე ათეული წელია ეტლით მოსარგებლეა. იგი ამბობს, რომ არათუ არჩევნებისთვის, არამედ ნებისმიერ დროს გარეთ გასვლას ვერ ახერხებს, რადგან სათანადო ინფრასტრუქტურა, ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სათანადო გარემო არ არსებობს.
,,გარეთ გასვლა ჩემთვის რთულია, ყოველდღე სახლში ვარ. ეს პრობლემა არჩევნების დროს მიმძაფრდება, რადგან მინდა ჩემით დამოუკიდებლდ მივიდე საარჩევნო უბანზე, მივცე ხმა და დავაფიქსირო ჩემი არჩევანი. შენობაზე მხოლოდ პანდუსის ქონა ადაპტირებას არ ნიშნავს. იქამდე მისვლა ხომ გვინდა. ამიტომ მე სულ გადასატანი საარჩევნო ყუთით ვსარგებლობ და სახლში ვაკეთებ არჩევანს.’’
შშმ ამომრჩევლები მიიჩნევენ, რომ ადაპტირებული საარჩევნო უბნების გაზრდა ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს რეალურ ხელიმისაწვდომობას. ისინი აცხადებენ, რომ პრობლემები, რომლებიც მათ წლების განმავლობაში საარჩევნო უბნებზე მისვლისას ექმნებოდათ, იგივე დარჩება.
,,იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოების სრულფასოვან წევრად ვიგრძნოთ თავი, აუცილებელია ქალაქში ინფრასტრუქტურის ისე მოწყობა, რომ დაბრკოლების გარეშე შევძლოთ გარეთ გასვლა, ქალაქში გადაადგილება და უბნებზე მისვლა’’.
მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მარტივად ადაპტირებული უბნები თანაბარ ინკლუზიურ საარჩევნო გარემოს არ ქმნის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამავე დროს საარჩევნო პროცესებში შშმ პირების სრულფასოვან ჩართულობის პრობლემაზეც მიუთითებს.
,,მნიშვნელოვანია, ტრანსპორტის და შენობების ადაპტირება, მათი განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა. მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ უბნების მარტივი ან ნაწილობრივი ადაპტირება არ აგვარებს იმ პრობლემებს, რაც შშმ პირებს აწუხებთ“, –განუცხადა Knews.ge-ს საიას იურისტმა ირმა პავლიაშვილმა.
თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ გასული აჩევნების მსგავსად წელსაც 54 უბნიდან მარტივად ადაპტირებული მხოლოდ 17 უბანია, სადაც მოწყობილია პანდუსები და ხმის მიცემის სპეციალური კაბინები.
საუბნო-საარჩევნო კომისიებში ამბობენ, რომ უბნების დიდი ნაწილი ადაპტირებული არ არის, თუმცა უსინათლო, მცირემხედველი, ყრუ და სმენადაქვეითებული, ფსიქოსოციალური საჭიროების და ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლისათვის სხვადასხვა სერვისია ხელმისაწვდომი.
,,არანაირი შეზღუდვა არ არსებობს უბანზე, გვყავს ამომრჩეველი, რომელიც შესაძლოა მცირემხედველი იყოს, მათთვის გვაქვს სპეციალური გადადიდებელი შუშით დაფა, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი,”- განაცხადა Knews.ge-ს #10 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნაირა ტალუყაშვილმა.
,,ჩვენ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი არ გვყავს, ამიტომაც არ გახდა საჭირო უბნის ადაპტირება. გვაქვს უსინათლოებისთვის ბაილის შრიფტი და გამადიდებელი ლინზა, მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ უბანზე მოსვლისას.”
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში განთავსებული 4 საარჩევნო უბნიდან შშმ ამომრჩევლისათვის არცერთი არ იყო ადაპტირებული. კომისიის თავმჯდომარეები მიუთითებენ, რომ სოფელში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლები არ არიან.
„ჩვენთან არ იყო პანდუსი. ამომრჩეველთა სიის მიხედვით არ გვყავს ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი, ამ საკითხზე არავის მოუმართავს. შესაბამისად ადაპტირების საჭიროება არ ყოფილა’’, –განუცხადა Knews.ge-ს #37 საუბნო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელზა აშიროვამ.