„თელავის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ ბიუჯეტი არ შემცირდება“
თელავის თემის ბიუჯეტი 2014 წელს 16 405 000 ლარი იყო, 2015 წელს – 10 549 000 ლარი, 2016 წელს მთავარი საფინანსო დოკუმენტი 12 129 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო მიმდინარე წლის ბიუჯეტი 12 455 000 ლარს შეადგენს.
საკრებულოს თავმჯდომარის, პაატა გიორგობიანის განცხადებით, 2014 წლიდან დღემდე თემის ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა. რაც შეეხება ხელფასებისა და პრემიების ოდენობას, გიორგობიანის ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე არ გაზრდილა.
2014 წელს თელავის თემის გამგეობასა და საკრებულოში გაცემულია 2 342 000 ლარის ხელფასი და პრემია, 2015 წელს მისი ოდენობა 1 703 000 ლარს შეადგენდა, 2016 წელს – 8 26 000 ლარს, ხოლო 2017 წელს კი – 1 650 000 ლარის.
რაც შეეხება პრემიის ცალკე რაოდენობას, 2014 წელს გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა 319 000 ლარის პრემია მიიღეს, 2015 წელს მისმა ოდენობამ შეადგინა 261 500 ლარი, 2016 წელს 282 500 ლარი და 2017 წელს კი 127 200 ლარი გაიცა.
გთავაზობთ ინტერვიუს თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა გიორგობიანთან.
–ბატონო პაატა, როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას თვითმმართველობების გაუქმების შესახებ?
-ამ საკითხზე არის 2 პოზიცია. პირველი – ეს კეთდება იმისათვის, რომ პროექტები, რომელიც დაწყებულია, მივიდეს ბოლომდე და განხორციელდეს სახრების ოპტიმიზაცია, ამის მომხრეა ყველა სახელმწიფო მოხელე. მეორე – რეფორმას მოყვება გარკვეული რაოდენობის სახელმწიფო მოხელეების შემცირება, რაც მტკივნეული საკითხია.
–2014 წლიდან მოყოლებული, რაც თვითმმართველობის რეფორმა დაიწყო, გაიზარდა ადგილობრივი ბიუჯეტი თუ შემცირდა? სამი წლის განმავლობაში რა კონკრეტული პრობლემები მოაგვარეთ და რომლის გადაჭრა ვერ შეძელით?
-რეფორმა, რომელიც ჩატარდა 2014 წელს, იყო ძალიან წარმატებული არა მხოლოდ იმ 7 ქალაქში, რომელიც ორად გაიყო, არამედ საქართველოს მასშტაბით. ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა და თანხის დიდი ნაწილი მიიმართა სოფლის კეთილდღეობისათვის. სოფელში არსებული პრობლემების ზუსტი ანალიზი გვქონდა. ჩვენ გვაქვს 2017 წლის ბოლომდე პრობლემების მოგვარების გაწერილი გეგმა. გადავჭერით სოფლებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ნაგვის ორგანიზებული გატანა, გზების დაგება, სასმელი წყლის შეყვანა, დაბურღვა, ამბულატორიის პრობლემა. ასევე, გარემონტდა და აშენდა საბავშვო ბაღები, მოწესრიგდა გარეგანათება, დაიდგა ნაგვის ურნები, შევიძინეთ ნაგვის გატანის მანქანები, გაიწმინდა სტიქიური ნაგავსაყრელები სოფლებში და სხვა საკითხები. მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელს ყველა ბაგა-ბაღში დავასრულებთ ცენტრალური გათბობის მონტაჟს, უფასოა ბავშვების კვება ბაღში. რაც ვერ მოვასწარით არის ის, რომ სოფლებში არ არის ხარისხიანი წყალი, სასმელად ვარგისი.
–ცენტრალური ხელისუფლების არგუმენტია, რომ თვითმმართველობების გაყოფამ არ გაამართლა, ანუ იყო მხოლოდ ზედმეტი ხარჯი და ბიუჯეტის შემოსავალი არ გაზრდილა. ეთანხმებით თუ არა და როგორ ფიქრობთ, რატომ არ გაამართლა? თანხმობის შემთხვევაში გამოდის, რომ 3 წელი არაეფექტიანი საქმიანობა გაუწევია თვითმმართველობას და დაუმსახურებლად მიუღიათ ხელფასები და პრემიები?
-პრემიებისა და ხელფასების ყბადაღებული თემა მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. არ შეიძლება, სახელმწიფო სექტორში მუშაობდეს თანამდებობის პირი და ხელზე იღებდეს 400 ლარს. მომდევნო წლიდან კანონი მკაცრად დაარეგულირებს ხელფასებისა და პრემიების ოდენობას. საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს შრომის მაღალი ანაზღაურება, რომ დარჩნენ სახელწიფო სექტორში, კვალიფიციური კადრების დიდი დეფიციტია. ჩემი თანამდებობრივი სარგო 2 120 ლარს შეადგენს, ასევე ყველა თანამშრომლის ხელფასი განსაზღრულია კანონით, დადგენილია ზედა ზღვარი და ვიღებთ მასზე ნაკლებს. მე და ჩემს თანამშრომლებსაც ნახევარი თვის პრემიები გვაქვს აღებული, რადგან მისი რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მინდა დავამატო, რომ არ გაგვიახლებია ავტოპარკიც.
–თვითმმართველობის მოწინააღმდეგეების ერთ–ერთი არგუმენტია თემსა და ქალაქში არსებული დუბლირებული სამსახურები. კონკრეტულად რომელი სამსახურები იყო ასეთი და თქვენი მონაცემებით, რა რაოდენობის თანხა იზარალა ბიუჯეტმა?
-დიახ, არის გარკვეული დუბლირება, ანალოგიური სტრუქტურებია ქალაქში, თუმცა მიმაჩნია, რომ ბიუჯეტმა არ იზარალა. მათ მიერ გაკეთებული საქმე აჩვენებს, რომ კადრების შერჩევისას სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს. ახლა კი გაუქმდება ხელმძღვანელი რგოლები და განხორციელდება ოპტიმიზაცია.
–მოწინააღმდეგეთა არგუმენტით, მართვა გახდება ცენტრალიზებული, რაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას არ მისცემს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამავდროულად პრიორიტეტები არ იქნება სწორად განსაზღვრული, რომლის შედეგადაც მოსახლეობის ინტერესებს არ გაითვალისწინებენ. ფაქტობრივად, რეალური თვითმმართველობა აღარ იარსებებს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით?
-თანხები არ შემცირდება, პროექტები გაგრძელდება. შენარჩუნებულია არჩევითი სისტემაც. ქალაქსა და ყველა სოფელს ეყოლება მაჟორიტარი დეპუტატი, ამჟამად არის 17 მაჟორიტარი სოფლებში და 5 მაჟორიტარი ქალაქში. ქალაქის მერი და გამგებელი უქმდება და იქნება 1 თანამდებობა – მერი, რომელიც იქნება არჩევითი. მერი წარადგენს საკრებულოში თავისი მოადგილეებისა და სტრუქტურების ხელმძღვანელობის კანდიდატურებს და საკრებულო იწონებს მას. სოფლებში, ასევე, შეიქმნება 10-12 კაციანი საბჭოები, რომლებიც დაასახელებენ სოფლის რწმუნებულის კანდიდატურას. აქაც იქნება გარკვეული კონკურენცია. სოფლებს უნდა მისცენ გარკვეული თანხები, საკითხები ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. სახელმწიფო მოხელეების რიცხვი დაახლოებით 17-18%–ით შემცირდება. არ ვფიქრობ, რომ ცენტრალიზებული მართვა ძლიერდება, რადგან არჩევითობის პრინციპი შენარჩუნებულია.
–როგორ ფიქრობთ, მოსახლეობის აზრი იყო თუ არა გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილების მიღებისას? და თუ არა – რატომ? ადგილობრივები ფიქრობენ, რომ თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების შემდეგ სოფლებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრები არასწორი პრინციპით გადანაწილდება. როგორ ფიქრობთ, მმართველობის ფორმის შეცვლის შემდეგ, სოფელში მცხოვრებ მოსახლეობის ინფორმირებაზე ვინ იზრუნებს?
-საკრებულოში დეპუტატიების უმრავლესობა წარმოდგენილი იქნება სწორედ სოფლებიდან, რაც თავისთავად გამორიცხავს იმ აზრს, რომ სოფლებში პროექტები გაჩერდეს. გარდა ამისა, მთავრობის პირდაპირი მითითებაა, რომ მსგავსი ფაქტი არ მოხდეს და სოფლებში ნაკლები თანხა დაიხარჯოს, ვიდრე ქალაქში. ის ძირითადი 12-13 პრობლემა, რაც აწუხებდა სოფლებს, თითქმის მოგვარებულია. პრობლემები შემცირდა და აღარ მოითხოვს ამდენ სახელმწიფო მოხელეს.
–ექსპერტების აზრით, თვითმმართველი ერთეულების გაერთიანება უკან გადადგმული ნაბიჯია და დემოკრატიის არსი სწორედ ძლიერ თვითმმართველობებში მდგომარეობს. რადგან ხელისუფლების არგუმენტით, თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებამ არ გაამართლა, როგორ ფიქრობთ, არსებული სისტემა აქამდე ხომ არ უნდა შეცვლილიყო?
-მთელ მსოფლიოში ხალხი მიდის დეცენტრალიზაციის მიმართულებით, რამაც შედეგები უკვე მოგვცა.
– თუ მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ გექნებოდათ განსხვავებული აზრი, გამოთქვამდით თუ არა მას თავისუფლად და დაუპირისპირდებოდით თუ არა მმართველ ძალას?
-9 წელი ვიყავი უმუშევარი, ახლა კი, აქ ვარ იმიტომ რომ ,,ქართული ოცნება“ აკეთებს სიკეთეს.
სტატია ქვეყნდება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერილი პროექტის ,,თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
.