სტატიები

ბაკურციხელი გუჯა გოდერძიშვილი ღვინოს 150 წლის მარანში აყენებს

მეღვინე მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში აშენებულ საგვარეულო მარანს და 2 ჰექტრამდე ვენახს ფლობს. გოდერძიშვილი ამბობს, რომ ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად ვენახს კირით, შაბითა და გოგირდით წამლის, ყურძენს კი უძველეს ქვევრში წურავს. 
მას ღვინის წარმოების იდეა 2014 წელს გაუჩნდა. მეღვინეობის ბიზნესის დაწყება ტურისტების სიმრავლემ და მცირე მარნების მიერ წამრმოებულ ღვინოზე მოთხოვნამ გადააწყვეტინა. ახალგაზრდა მეღვინე წელიწადში 2 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
,,დღეისათვის გაშენებული გვაქვს რქაწითელის, კახური მწვანესა და საფერავის ჯიშის ვენახები. მომავალში ვგეგმავთ გავაშენოთ რამდენიმე იშვიათი კახური ვაზის ჯიში. ასევე ვაწარმოებთ ბუნებრივი მევენახეობა-მეღვინეობის პრინციპით დაყენებულ ქვევრის საფერავსა და რქაწითელს. საფერავი მუქი შეფერილობისაა და ძლიერი ღვინოა, სავსე ტანინებითა და შავი ხილის არომატებით. რქაწითელი კი ქარვისფერი ღვინოა, საშუალოზე მაღალი ალკოჰოლი და ტანინები ახასიათებს. პირველად 2014 წელს გადავწყვიტეთ ჩამოგვესხა ღვინის სასინჯი პარტია. ამ მიმართულებით ბიზნესის დაწყება ქვეყანაში ვიზიტორების ზრდამ და ეკონომიკურმა წინსვლამ და მცირე მარნების მიერ წარმოებულ ღვინოებზე მოთხოვნის და რეალიზაციის გაზრდამ. პირველ ეტაპზე 200 ბოთლამდე სახელდახელოდ დამზადებული რქაწითელი “vino Underground”-ში მივიტანეთ, დეგუსტაციის შემდეგ მასპინძელმა 2 ყუთის მიტანა გვთხოვა. ამის შემდეგ ღვინო კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე “Vinomania”-შიც მოგვიწონეს. ასე განახლდა გოდერძიშვილების ღვინის წარმოება. ამ ეტაპისთვის ჩვენი ღვინო მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება’’, – განუცხადა Knews.ge-ს გუჯა გოდერძიშვილმა.
მისი ინფორამციით, საგვარეულო მარანში, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეშია აშენებული, 150 წელია ქვევრებში წინაპრების მიერ დატოვებული ტრადიციული მეთოდით ღვინოს აყენებენ. 
,,მარანი 6 თაობაა, რაც არებობს, თუმცა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ჩვენი წინაპრის მიერ აშენებული მარანი საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მალევე დაიკეტა. მას შემდეგ ღვინოს მხოლოდ მცირე რაოდენობით, ოჯახისთვის ვაყენებდით. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ გაგვეგრძელებინა წინაპრების საქმე. მარანი გამორჩეულია როგორც ისტორიით, ასევე მასშტაბებით: კედელში ჩაშენებულია ძველებური საწნახელი, ჩაყრილია 20-მდე ქვევრი, რომლის საერთო მოცულობა დაახლოებით 40 ტონას შეადგენს. ასეთი ზომის წარმოება იმ პერიოდის საქართველოში თავად-აზნაურული წარმოშობის მემამულეებშიც კი იშვიათი იყო. საგვარეულო მარნებით ტურისტების დაინტერესება ნელ–ნელა იზრდება, რაც მცირე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანია’’,– განაცხადა გუჯა გოდერძიშვილმა.
მეღვინე ფინანსურ პრობლემებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ღვინის ფესტივალებში მონაწილეობას ვერ იღებენ, რაც მისი შეფასებით, წარმოების გაფართოების ერთ–ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია. 
„ჩვენ წარმოების მოცულობის სიმცირის გამო არ გვაქვს ფინანსური რესურსი, მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ და საზღვარგარეთ გამოფენებზე, გავზარდოთ ჩვენი პროდუქციის ცნობადობა მომხმარებლის იმ სეგმენტში, რომელსაც მსგავსი ტიპის ღვინოები აინტერესებს. არადა სწორედ საოჯახო ტიპის მცირე მარნები ქმნის დღეს ქართული ღვინის ბაზრის მრავალფეროვნებას. აუცილებელია განხორციელდეს მევენახეობა-მეღვინეობით დაინტერესებული მცირე მეღვინეების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების სწავლება-გადამზადება’’,– ამბობს გუჯა გოდერძიშვილი.