საგარეჯოში ესპანური ჯიშის მარწყვი ქოქოსის სუბსტრატზე მოჰყავთ
როგორც knews.ge–ს კოოპერატივის ხელმძღვანელმა იოსებ თედიაშვილმა განუცხადა, სათბურში მარწყვი იზრდება ინერტული მასის მეშვეობით, რაც ხელს უწყობს მცენარეს, მარტივად მიიღოს საჭირო მკვებავი ელემენტები. მისივე განმარტებით, აღნიშნული მეთოდით პროდუქციის წარმოება განაპირობებს მის მოსავლიანობას და ამავე დროს ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა, ვიდრე მიწაში მოყვანილი მარწყვი.
„წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიები გვაქვს დანერგილი. სათბურში გვაქვს ჰიდროპონიკა, რომელიც ლათინური სიტყვაა და აღნიშნავს წყალზე მომუშავეს. ეს არის მიწის გარეშე მცენარის გაზრდის ხელოვნება. ჰიდროპონიკის მეთოდი არის მიჩნეული საუკეთესოდ და მსოფლიო მასშტაბით დანერგილია როგორც სახლის, ისე კომერციული წარმოების პირობებში. ყველა ელემენტის მიწოდება ხორციელდება მკვებავი ხსნარის მეშვეობით, მიწოდების კონტროლი მარტივია და შესაბამისად მისი კორექტირებაც. ჩვენ მარწყვი მოგვყვავს ქოქოსის სუბსტრატზე“, – განუცხადა knews.ge–ს იოსებ თედიაშვილმა.
კოოპერატივის ხელძღვანელი ამბობს, რომ წარმოებაში მაქსიმალურად მცირე რაოდენებით იყენებენ პესტიციდებს, რაც, მისი განმარტებით, პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს.
„ჩვენი მარწყვი წლის ნებისმიერ დროს ეკოლოგიურად ბევრად უფრო სუფთა და ხარისხიანია. ჩვენს სათბურს აქვს დამცავი ბადე და ფაქტობრივად მავნებელი შიგნით ვერ ხვდება. ვიდრე ყვავილობა დაიწყება, დაზღვევის მიზნით, შეიძლება შევიტანოთ პესტიციდების მინიმალური რაოდენობა. ანუ აგროქიმიკატებს ძალიან მცირე რაოდენობით ვიყენებთ. აქედან გამომდინარე მინდორში მოყვანილ მარწყვზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მოგვყავს. მიწაში ბევრი მავნებელია, ჭრაქი, ნაცარი და სხვა დაავადბები გაცილებით მარტივად ჩნდება. რომ არ შეწამლონ, ფაქტობრივად მოსავალს ვერ მიიღებენ“, – აღნიშნავს თედიაშვილი.
„აგროგარეჯი“ მარწყვის მოსავალს მთელი წლის განმავლობაში იღებს. იოსებ თედიაშვილის განმარტებით, ესპანური ჯიშის მარწყვის ღირებულება სეზონის მიხედვით განისაზღვრება.
„ჩვენ მთელი წელი 10 თვის განმავლობაში მარწყვის მოსავალის დიდ რაოდენობას ვიღებთ. დანარჩენი ორი თვის განმავლობაშიც გვაქვს მარწყვი, მაგრამ მცირე რაოდენობით. ფაქტობრივად სათბურში მთელი წლის განმავლობაში ვიღებთ მოსავალს. გვაქვს სანანდრეასისა და ალბინოსის ჯიშის მარწყვი. მარწყვის ღირებულება სეზონურად არის. მაგალითად შარშან ზაფხულში ამინდებმა არ შეგვიწყო ხელი და შედარებით დაბალ ფასად გავყიდეთ. მისი ფასი ზაფხულში 5–დან 8 ლარამდე მერყეობს. თუ თურქული მარწყვი არ შემოდის, მაშინ პროდუქციის ღირებულება კარგია, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში მარწყვის ფასი ეცემა. ზამთრის პერიოდში კი მისი საწყისი ღირებულება 12–15 ლარია. ახალი წლის პერიოდში სხვადასხვა სუპერმარკეტში შესაძლებელია მისი ფასი 25 ლარსაც გაუტოლდეს. მარწყვს ძირითადად სწრაფი კვების ობიექტები იღებენ. სან ანდრეასის ჯიშის მარწყვი კარგად უძლებს ტრანსპორტირებას”, – ამბობს თედიაშვილი.
ფერმერი ამბობს, რომ საქართველოში ალბინოსისა და სან ანდრეასის ჯიშის მარწყვზე მოთხოვნა თანდათან იზრდება, რის გამოც სამომავლოდ წარმოების გაფართოებას გეგმავს.