სტატიები

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საკანონმდებლო კონტროლი მკაცრდება

DCFTA საინფორმაციო ცენტრის პროექტის ხელმძღვანელის, გიორგი ვეკუას განცხადებით, კანონმდებლობით დარეგულირდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია, მათი ნიმუშების აღებისა და მარკირების წესი და ა.შ. 

,,მკაცრდება კანონმდებლობა პესტიციდების და აგროქიმიკატების მართვის სფეროში. კანონით განისაზღვრება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია, სახელმწიფო კატალოგები, ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლისა და ნიმუშების აღების წესი, მარკირების წესი, პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესი, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, გამოყენების წესები და სხვა”, – განუცხადა knews.ge-ს ვეკუამ. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების, ასევე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. 

,,პესტიციდების და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობას. ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის მექანიზმების დახვეწასა და განხორციელებას, რაც დარგის განვითარებისთვის და, ზოგადად, აგრობიზნესის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ფერმერები ხელისუფლებას აგროქიმიკატების ვარგისიანობის კონტროლს სთხოვენ, რათა შესაწამლი პროცედურების შემდეგ გლეხი დაცული იყოს მოსავლის დაზიანებისგან. 

,,ჩვენი ერთ–ერთი დიდი პრობლემაა უხარისხო შხამქიმიკატები. ვერ შევძლებთ, რომ თავად შევამოწმებინოთ წამალი და ისე ვიყიდოთ, რადგან ადგილზე ლაბორატორიები არ არის. გასულ წელს 12–ჯერ შევწამლე ვენახი, მაგრამ უხარისხობის გამო მეც და ბევრ სხვა მევენახესაც გაგვინადგურდა მოსავლის 80%. მოგცენ ხარისხიანი ქიმიკატების ყიდვის საშუალება, რომ სოფელმა ამოისუნთქოს და მოსავალი მოვიყვანოთ’’, – განუცხადა ,,knews.ge”-ს გურჯაანის მკვიდრმა ოთარ რუაძემ.