ქართული ზეთისხილის ზეთი ევროპის ბაზარზე გავა
როგორც knews.ge–ს კომპანიის დირექტორმა ნელი გეთიაშვილმა განუცხადა, ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას „ქართული ზეთისხილი“ კარფურისა და სხვა საერთაშორიოსო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს.
„წელს პირველი მოსავალი უკვე ავიღეთ. ამ ეტაპზე მთელ საქართველოს მოვიცავთ, ხოლო მომავალი წლისათვის კი ჩვენი მიზანია პროდუქციის ექსპორტზე გატანა. სამომავლოდ ვგეგმავთ რომ ზეთისხილის ზეთი ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე გავიტანოთ. ჩვენ დსთსა და ამიერკავკასიის ქვეყნებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“,– განუცხადა knews.ge–ს ნელი გეთიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ პირველ ეტაპზე 30 ტონა ზეთისხილის ზეთი გადაამუშავა. ნელი გეთიაშვილი ამბობს, რომ ზეთის ფასი იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით დაბალია, ხარისხი კი მაღალი.
„3 კილოგრამი ზეთისხილიდან ვაწარმოებთ 1 ლიტრს ზეთს. ეს უნიკალური შედეგია. ჩვენი პროდუქციის ფასი ყველასთვის საკმაოდ ხელსაყრელია. ჩვენ მიერ წარმოებული ზეთის ფასი იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით დაბალია. 250 გრამი ზეთისხილის ზეთი 8 ლარად, 500 გრამი 14 ლარად, ხოლო 750 გრამი 16 ლარად გაიყიდება.5 ლიტრიანი თუნუქის ქილა 80 ლარი, 10 ლიტრიანი 160 ლარი, 18 ლიტრიანი კი 288 ლარი ეღირება. სურსათი უვნებლობის მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა. ზეთის ხარიხი უმაღლესია“, – განაცხადა გეთიაშვილმა.
ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა (საათში 10 ტონა) ზეთის ხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას ქმნის. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ საქობოში გასულ წელს გაიხსნა. კომპანიას ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული.
„ქართული ზეთისხილის“ საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგად, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ (345 800 აშშ. დოლარი) პროგრამის ფარგლებში აშენდა. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 5 მილიონი ლარია, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა.