ახალი ამბები

გურჯაანში ატმის ფასი 10–დან 25 თეთრამდე მერყეობს

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების საბითუმო ბაზრებში 1 კილოგრამი ატმის ფასი 10–დან 25 თეთრამდე მერყეობს. 

,,1 კილოგრამ ატამს 20 თეთრადაც ვერ ვყიდი. ადრე აზერბაიჯანში მიჰქონდათ ატამი. გადასაყრელია ხილი, არც ატმის გადამამუშავებელი საწარმოა, პროდუქცია მალფუჭებადია და ლპება. მთავრობას ყოველ სეზონზე ვთხოვთ დახმარებას,“ –განუცხადა knews.ge–ს სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა გიული მანიაშვილი.

ფერმერები პრობლემიდან ერთადერთ გამოსავალს აზერბაიჯანისა და რუსეთის ბაზრების გახსნასა და საბაჟო პუნქტებზე რეალიზატორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში ხედავენ. ისინი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მოყვანილი ხილის რეალიზებაში დაეხმარებას თხოვენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ივლისიდან გურჯაანში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნება. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საწარმო ნებსმიერი სახის ხილს ჩაიბარებს. 

,,ივლისიდან კახეთში ამოქმედდება თანადაფინანსების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმო, რომელიც ყველა სახის, როგორც სასურსათო, ისე სამრეწველო ატამს ჩაიბარებს, რაც გლეხს პროდუქციის რეალიზაციას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული, რათა ატმის მოსავალი შეუფერხებლად და ორგანიზებულად დაბინავდეს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.