„ვეტერინარების სიმცირე მეცხოველეობის დარგის განვითარებას აფერხებს“
ვეტერინარიის მიმართულებით ისინი ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კვალიფიციური კადრების სიმცირეს მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს დარგის და სოფლის მეურნეობის განვითარებას აფერხებს.
საგარეჯოში მცხოვრები ახალგაზრდა ვეტერინარი გიორგი ქვლივიძე ამბობს, რომ ყველა სოფელში ერთი კვალიფიციური ვეტერინარი უნდა იყოს, რომელიც ფერმერებს არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.
,,ყველა სოფელს უნდა ჰყავდეს კარგი ვეტერინარი, რომელიც დაეხმარება ფერმერებს. დღესდღობით კარგ ვეტერინარზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ის კადრები, რომლებიც ამ სფეროში არიან, საკმარისი არ არის. მე ზოგჯერ ვერც ვასწრებ ყველა გამოძახებაზე მისვლას. დღეში 10 გამოძახება გვაქვს, ხან მეტიც. ვეტერინარების სიმცირე მეცხოველეობის დარგის განვითარებას აფერხებს”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ქვლივიძემ.
ვეტერინარი ეკა ბუზარიაშვილი ფიქრობს, რომ ვეტერინარიის განვითარებისთვის დღეისთვის ბევრი პრობლემის მოგვარებაა საჭირო. ის აღნიშნავს, რომ მეცხოველეობის დარგის განვითარების მიზნით აუცილებელია საქმიანობაში სხვადასხვა ტექნოლოგიის შემოტანა და დანერგვა.
,,ამ კუთხით გვჭირდება განვითარება, სიახლეების ფერმერებისთვის გაცნობა და ზოგადად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება, თუ რამდენად საჭიროა გამოცდილი ვეტერინარის მუშაობა სოფელში.’’– განუცხადა knews.ge-ს ეკა ბუზარიაშვილმა.
კვალიფიციური კადრების სიმცირეზე მიუთითებს კოლეჯ ,,აისის“ პედაგოგი გიორგი გუგულაშვილიც. ის აცხადებს, რომ ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტის პროფესიაზე ახალგაზრდების მხრიდან რამდენიმე წელია მოთხოვნა გაიხარდა. მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება კოლეჯის ბაზაზე არსებულმა ახალმა ტექნოლოგიებმა გამოიწვია.
,,საზოგადოებრივ კოლეჯ აისში რამდენიმე წელია არსებობს ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტის პროფესია. ბოლო რამდენიმე წელია ახალგაზრდების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა ამ ფაკულტეტზე და როცა გვინდა რომ მივიღოთ 15 სტუდენტი, მსურველია 20–30 პირი. თეორიული სწავლების გარდა, ადგილზე გვაქვს მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმები და თეორიის სწავლების შემდეგ ჩავდივართ და თანამედროვე ხელსაწყოებს ვიყენებთ უკვე პრაქტიკის სასწავლებლად. ზოგმა ახალგაზრდამ, რომელმაც კურსი დაამთავრა, თვითდასაქმებას ეწევა, ზოგმა საკუთარი მეურნეობა გააშენა. თითქმის ყველა მიმართულებით გვაქვს უახლესი აპარატები და ხელსაწყოები, სწორედ ამიტომ ასეთი სწავლებით სტუდენტები არიან დაინეტერესებულები“, – განაცხადა გიორგი გუგულაშვილმა.