სტატიები

ყველაზე ახალგაზრდა მეფუტკრე კახეთში – 1 სკით დაწყებული ბიზნესი

ყველაზე ახალგაზრდა მეწარმემ მეფუტკრეობა 1 სკით 17 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა ამჟამად 80 ოჯახი ფუტკარი ჰყავს. ვაჟამ ამ დარგში საქმიანობის დაწყება ბიოლოგიის ერთ-ერთ გაკვეთილზე გადაწყვიტა. 
„მეფუტკრეობა 17 წლის ასაკში დავიწყე. ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყების იდეა ბიოლოგიის გაკვეთილზე მომივიდა. თავიდან ერთი ოჯახი მყავდა და ყოველწლიურად ვამრავლებდი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მივიღე 15 000 ლარიანი გრანტი მოვიპოვე, რომლის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 სკა და თაფლის საწური ინვენტარი შევიძინე. ამჟამად 80 სკა ფუტკარი მყავს“, – განუხადა knews.ge-ს ვაჟა მიჩიტაშვილმა. 
მეწარმე ირწმუნება, რომ საფუტკრეში არ იყენებს ანტიბიოტიკებსა და ქიმიურ პრეპარატებს და მისი პროდუქია ეკოლოგიურად სუფთაა. 
“ყოველთვის აქცენტს ვაკეთებ თაფლის ხარისხზე და არა რაოდენობაზე. გვირჩევნია, რომ ცოტა რაოდენობის პროდუქცია ვაწარმოო, ვიდრე ბევრი და დაბალი ხარისხის. ჩვენი პროდუქცია ნატურალური და სუფთაა. რაც მეფუტკრეობა დავიწყე, არც ერთი ანტიბიოტიკი არ გამომიყენებია. მე ვიყენებ ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატებს”, – ახადებს მიჩიტაშვილი. 
მეფუტკრე ამბობს, რომ პროდუქიის რეალიზაია არ უჭირს და მსურველები თაფლის საყიდლად მასთან მიდიან. ვაჟა მიტიჩაშვილის ინფორმაციით, 1 კგ. თაფლის ფასი 18-დან 20 ლარამდე მერყეობს. ახალგაზრა მეწარმე გეგმავს, რომ 2019 წელს თაფლი გასაყიდად აზერბაიჯანში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში გაიტანოს. ევროპის ბაზარზე პროდუქიის ექსპორტი კი შორეული პერსპექტივაა. 
„ჩვენი მიზანია, რომ სამომავლოდ თაფლი გავიტანოთ აზიის ბაზარზე, აზერბაიჯანში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში, რადგან შედარებით ნაკლები რეგულაციებია დაწესებული და ამავე დროს ყველაზე მეტი მოთხოვნაა. თაფლის ექსპორტზე გატანას ორი წლის შემდეგ ვგეგმავთ, როდესაც წარმოებას გავზრდით. ევროპის ბაზარზე პროდუქციის გატანა კი ჯერჯერობით ჩვენს გეგმებში არ შედის. მე ამ ეტაპზე ვერ ვაწარმოებ თაფლის იმ რაოდენობას, რომ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნა დავაკმაყოფილო“, – ამბობს მეფუტკრე. 
ვაჟა მიჩიტაშვილი ფუტკრის 200 სკამდე გამრავლებას და ფუტკრის რძის წარმოებასაც აპირებს. 
გასული წლის მაისში ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან თაფლის ექსპორტი დაშვებულია. თაფლის ევროპის ბაზარზე გასატანად საჭიროა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელშიც მკაცრად არის გაწერილი აკრძალული ნივთიერების დასაშვები რაოდენობები. 
თაფლი სერტიფიკატის მისაღებად ევროპულ ლაბორატორიაში უნდა გაიგზავნოს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის იმპორტის განხორციელებისთვის მეფუტკრე ვალდებულია: დარეგისტრირდეს სურსათის მწარმოებელ ბიზნესოპერატორად, დაიცვას თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2015 წლის იანვარში დაამტკიცა. 
„რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს თაფლის მიმართ, თაფლის მარკირებისა და ეტიკეტირების შესახებ, თაფლის ბაზარზე განთავსების პირობების შესახებ, მოთხოვნებს ბიზნესოპერატორის მიმართ, თაფლის შესაბამისობის კონტროლის პროცედურებს. დოკუმენტი განსაზღვრავს ბაზარზე თაფლის განთავსების პირობებსაც. რაც ყველაზე მთავარია, თაფლი ფარმაკოლოგიურად არ უნდა იყოს დაბინძურებული, რაც გულისხმობს თაფლში ანტიბიოტიკების, საკვები დანამატების და სხვა საკვები ინგრედიენტების დამატებაწ. ბაზარზე განთავსებული თაფლი მიღებული უნდა იქნეს ჯანმრთელი ფუტკრისგან და გამოდიოდეს ფუტკრის ინფექციური დაავადებების მხრივ კეთილსაიმედო მეურნეობიდან (რეგიონიდან). უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მაჩვენებლებს; ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“, – განუცხადეს knews.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 
მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ქართული თაფლის გატანას კომპანია გრემის გარდა ჯერჯერობით ვერცერთი საწამო ვერ ახერხებს. ოფიციალური ინფორმაციით კი ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად თაფლზე მოთხოვნა 6%-ით იზრდება.

გოგა ჩანადირის ფოტოები