თავდასხმა სოფელ წინანდალში – უცნობი პირები მაღაზიაში შეიჭრნენ
ამ დრომდე დაუდგენელი პირები სოფელში მცხოვრები ალექსანდრე მესხიშვილის მაღაზიაში შეიჭრნენ და ინვენტარი დაამტვრიეს. განადგურებული პროდუქციაც. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები იყვნენ შეიარაღებულები, რომლებიც მესხიშვილსა და ერთ–ერთ ქალბატონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობმა პირებმა მაღაზიის გაძარცვა სცადეს და მეპატრონემ მათ წინააღმდეგობა გაუწია.
„რაღაც მოიპარეს და იმას მოყვა ჩხუბი და აყალ–მაყალი. ფული არ წაუღიათ. დუბინკებით შემოვიდნენ და ყველას დაუწყეს ცემა“, – განუცხადა „რუსთავი 2“–ს ალექსი მესხიშვილმა.
სამართალდამცავებს თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ისინი შემთხვევის ადფილიდან მიიმალნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სოფელ წინანდალში მდებარე მაღაზიაში შეიარაღებულ თავდასხმას არ ადასტურებენ. როგორც knews.ge–ს გიორგი მღებრიშვილის უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლით, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.