ახალი ამბები

ბაკურციხის კულტურის ცენტრი საპატრიარქოს გადაეცა

გურჯაანის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ხაზიურის განმარტებით, საპატრიარქოსათვის ობიქეტის გადაცემის მიზანი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეწარმეო სახლის გახსნაა. ცენტრის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა, რაზეც 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 

,,ხელშეკრულებაში შესაცვლელი აღარაფერია. გურჯაანის გამგეობაში შემოვიდა მამა მიქაელ ბოტკოველის წერილი. ის ითხოვდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცემოდა სოფელ ბაკურციხეში მდებარე კულტურის ცენტრი. პირობებით გათვალისწინებული იყო, რომ ძირითადი პროფილი შენარჩუნდებოდა, შენობა იქნებოდა წესრიგში, შეიტანდნენ ინვენტარს და სხვადასხვა წრე გაიხსნებოდა”, – განუცხადა knews.ge-ს ლევან ხაზიურმა.

შენობა 3 045 300 ლარის ღირებულებისაა. პროექტის ფარგლებში გამოიცვალა შენობის სახურავი, მოწესრიგდა ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი და დამონტაჟდა გათბობა-ვენტილაციის სისტემები.